ვინც არქიმანდრიტების დასასჯელი ბრძანებები მოამზადეთ, რისგან გამოსწორებისკენ მოუწოდეთ: სამშობლოს სიყვარულისგან თუ ხალხის ტკივილის განცდისგან? - მეუფე ზენონი

06.11.25 11:42
ვინც არქიმანდრიტების დასასჯელი ბრძანებები მოამზადეთ, რისგან გამოსწორებისკენ მოუწოდეთ: სამშობლოს სიყვარულისგან თუ ხალხის ტკივილის განცდისგან? - მეუფე ზენონი

საეკლესიო სასჯელის ერთადერთი დანიშნულება არის ადამიანის გამოსწორება. ვინც არქიმანდრიტების დოროთე ყურაშვილისა და ილია თოლორაიას დასასჯელი ბრძანებები მოამზადეთ, რისგან გამოსწორებისკენ მოუწოდეთ: სამშობლოს სიყვარულისგან თუ ხალხის ტკივილის განცდისგან და ტკივილისგან? - ასე ეხმაურება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული საპატრიარქოს განცხადებას. 

„ვთქვათ რამე გადაცდომა ან შეცდომა ჰქონდათ, ნუთუ არ გეუბნებათ თქვენი გონება ან გული, რომ სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალულებმა, არსებული უსამართლობის ზეობისგან და ხალხის ჩაგვრისგან შეძრწუნებულებმა გისაყვედურეს გულგრილობა. იცით, რით აღემატება ამ მოძღვრების მენტალობა თქვენს მენტალობას? მათ არაფერი აქვთ და არაფერს ეძიებენ. ყოველი ადამიანისთვის მოსულ ჯვარცმულ ქრისტეს გულწრფელად ქადაგებენ, რადგან დანამდვილებით ითავისებენ ადამიანში ქრისტეს მყოფობას. ამიტომაც ჩანს მათი სიტყვა და გულები მხნედ და შეუპოვრად“,- წერს ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლეს და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განაწესეს.

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აეკრძალა, „ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“.