ახალი ბრალი ოპოზიციას - რის საფუძველზე ასამართლებენ ოპონენტებს ("ოცნების" პირველი კომენტარები)

06.11.25 15:16
ახალი ბრალი ოპოზიციას - რის საფუძველზე ასამართლებენ ოპონენტებს ("ოცნების" პირველი კომენტარები)

"ითხოვდნენ რუსეთთან კონფრონტაციას" - ასე ეხმაურებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენელები საქართველოს პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწებას. 

  • სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო:  მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

კახა კალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ადამიანები ცდილობდნენ, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა და კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. 

"ოცნების" მერის განმარტებით, ასეთი ადამიანების ადგილი "ქართულ პოლიტიკაში არ არის და ვერც იქნება". 

ამაზე ვსაუბრობდი, შენ, როდესაც წარმოადგენ შენ ქვეყანას და ახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შენ უნდა დაიცვა შენი ხალხის და შენი ქვეყნის ინტერესები. 

როდესაც ხარ აგენტი, როდესაც ხარ უსამშობლო, კონკრეტული მაგალითებით შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით და ა.შ..

დასანქცირებას კი არ ითხოვდნენ, ეს ადამიანები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა, კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეღო ქვეყანას. ყველაფერს აკეთებდნენ ანტი-სახელმწიფოებრივს, ანტი-ქართულს, შესაბამისად ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ვერ იქნება მომავალში," - განაცხადა კალაძემ. 

"ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ქვეყანას ზიანი მიაყენეს და გასაკვირი არ არის, რომ ამ ადამიანებს სისხლის სამართლებრივ ჭრილში პასუხის გაცემას სთხოვდნენ. 

ისინი ითხოვდნენ ამ ქვეყნის დაღუპვას, სანქციების დაწესებას კი არ ითხოვდნენ, ბომბების წვიმას, რუსეთთან კონფრონტაციას და ქართველი ხალხის დაღუპვას ითხოვდნენ ეს ძალები და ამ ძალებმა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, იმდენად დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენ ქვეყანას, რომ გასაკვირი იმაში, რომ სისხლის სამართლებრივ ჭრილში იყოს მოთხოვნა ამ ადამიანები პასუხის გაცემისა, ნამდვილად არაფერი არ არის," - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.