"ივანიშვილმა გადაწყვიტა, ციხეში ჩასვას პოლიტიკა" - "ლელო - ძლიერი საქართველოს" პირველი კომენტარი

06.11.25 15:38
"ივანიშვილმა გადაწყვიტა, ციხეში ჩასვას პოლიტიკა" - "ლელო - ძლიერი საქართველოს" პირველი კომენტარი

 

 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები პროკურატურის მიერ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან. 

  • სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო:  მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

კოალიციაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კიდევ ერთხელ გაუშვას ციხეში. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ახალი ბრალდებების წაყენება მიზანმიმართული პოლიტიკური დევნაა პარტიის ლიდერების წინააღმდეგ, რითაც ივანიშვილის გუნდი ცდილობს, რომ რეჟიმის წინააღმდეგ მათი ბრძოლა გაანეიტრალოს. 

ეს არის ივანიშვილის კიდევ ერთი მცდელობა საქართველოში დიქტატურის საბოლოოდ გაფორმების, რისთვისაც ის ცდილობს ველიდან გააქროს პოლიტიკოსები და სრულიად მოკლას პოლიტიკური პროცესი!

ჩვენ ვხედავთ პროკურატურის აბსურდს - ზღაპრებს, ყველა სიტყვა ბრალდების არის უსაფუძვლო, სიცრუე და თითიდან გამოწოვილი - ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ.

ეს არის დანაშაული რომელსაც რეპრესიული რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს! 

ივანიშვილის ამოცანაა კიდევ ერთხელ ციხეში ჩასვას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ამით გაანეიტრალოს ჩვენი ბრძოლა.
ივანიშვილის "რუსულმა ოცნებამ" პოლიტიკური პროცესის მოსპობა ვერ მოახერხა ვერაფრით - სავარაუდოდ არც იმ აბსურდის იმედი აქვს, რასაც პარტიების აკრძალვა ქვია - ამიტომ გადაწყვიტა ციხეში ჩასვას პოლიტიკა! 

ვერც ერთი ბრალდება ვერ გააჩერებს ჩვენს პოლიტიკურ და სამართლებრივ წინააღმდეგობას ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. 
ეს ბრძოლა საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. 

"ძლიერი საქართველო-ლელო" იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ყველა კონსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური გზით!," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი რუსეთის ფედერაციას ემსახურება და მტერსა და მოყვარეს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. 

მისი თქმით, აღნიშნული ბრალდებები "ბოდვა და პარანოიაა".

მე, როგორც საერთაშორისო მდივანი ამ პოლიტიკური ძალისა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის ბოდვა და პარანოია. ჯერ ერთი მტრული სახელმწიფო მე ვიცი რუსეთის ფედერაცია, მაგალითისთვის და ვიცი ის, რომ ეს რეჟიმი ემსახურება რუსეთის ფედერაციას, რომელთან ჩვენ არასდროს არანაირი კავშირი არ გვქონია, არც კარგი და არც ცუდი, ამიტომ მტრული სახელმწიფოს ცნებაც, რომ არეული აქვთ საკუთარ უაზრო თავებში, ეს აჩვენებს ეროვნულ ტრაგედიას, რომელშიც ვართ, მაშინ, როდესაც მტერი ერევათ მოყვარეში და მოყვარე მტერში," - ამბობს გრიგოლ გეგელია.

პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.

[ფოტო: არქივი]