როგორ დაიგეგმა ტერორი ციხეში და ვინ, ვისგან მიიღო დავალება - პროკურატურის ვერსია

06.11.25 15:39
როგორ დაიგეგმა ტერორი ციხეში და ვინ, ვისგან მიიღო დავალება - პროკურატურის ვერსია

როგორ დაიგეგმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მიქაძის ტერორი რუსთავის ციხეში? - პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის შემდეგ „ქურდულ სამყაროში“ მიიღეს გადაწყვეტილება, მკვლელობაში მონაწილე პირების ანგარიშსწორების შესახებ.

პროკურორის თქმით, გიორგი მიქაძის ციხეში მოთავსების შემდეგ ე.წ. კანონიერი ქურდის, კაკო ტუღუშის („ენცომ“) დავალებით „ქურდული სამყაროს” წევრებს დაავალეს მიქაძეზე სადამსჯელო ოპერაციის განხორციელება.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ, "ქურდულ სამყაროში" მიიღეს გადაწყვეტილება, [მკვლელობაში] მონაწილე პირების მიმართ შური ეძიებინათ, რადგან უარყოფითად შეაფასეს მათი ქმედება და სადამსჯელო ოპერაციის განხორციელება დაევალათ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს.

15 აგვისტოს ამ დაწესებულების მსჯავრდებული "კვერცხა"  [ლევან მოისწრაფიშვილი] დაუკავშირდა თავისუფლებაზე მყოფ გიორგი კირთაძეს, რომელსაც სთხოვა სხვა ელ.მოწყობის გამოყენებით დაკავშირებოდა თამაზ მეფარიშვილს. ეს კი თავის მხრივ სხვა მოწყობილობით დაუკავშირდა კაკო ტუღუშს [ენცოს].

მოეწყო "ქურდული გარჩევა", ლევან მოისწრაფიშვილს უშუალოდ გააცნეს გადაწყვეტილება რომ შესაბამისი მოქმედებები უნდა განეხორციელებინათ მიქაძეების და ჯოხაძის და მათი მხარდამჭერების მიმართ. “კვერცხა” და ბადრი ნათობაძე გიორგი მიქაძის გასაგონად სისტემატურად იგინებოდნენ და სხვებსაც იმავეს მოუწოდებდნენ" - თქვა პროკურორმა. 

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.