ეს არის ივანიშვილის პერსონალური შურისძიება სააკაშვილის წინააღმდეგ - ლევან სანიკიძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ბიძინა ივანიშვილის პერსონალური შურისძიებაა.
ლევან სანიკიძის განცხადებით, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა თავისუფლებაზე "მზის შუქი ვეღარ ნახონ".
მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ვენდეტა არის სხვა დონეზე გადასული. მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე და არამხოლოდ ივანიშვილის, ივანიშვილის პატრონის, ბატონი ვლადიმერ პუტინის, ამ ქვეყნის მთავარი მტრის და სისხლის მსმელის. შესაბამისად მიხეილ სააკაშვილს მორიგი აბსურდული ბრალი დაუმატეს და Facebook პოსტების გამო, კიდევ დამატებითი სანქციების და დამატებითი წლების დაშენებას აპირებენ მიხეილ სააკაშვილის ბრალზე.
ეს არის არათუ პოლიტიკური ვენდეტა, ეს გაცდა ამას, ეს არის პერსონალური შურისძიება. არათუ პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ და ფორმალურად აუქმებენ, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსებზე ივანიშვილის აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მზის შუქს ისინი თავისუფლებაზე ვეღარ იხილავენ. ეს არის ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მთავარი მცდელობა.
მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვხედავთ ერთადერთ შესაძლებლობას, ახლა არის ძალათა კონსოლიდაციის, შესაძლოა, ბოლო შანსი იმიტომ, რომ ივანიშვილს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს," - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
- სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.