გიორგი კირთაძე: გთხოვთ, საბოლოოდ შევქმნათ ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტი
ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე რეჟიმი იღებს გადაწყვეტილებას საქმე აღძრას პოლიტიკურ ლიდერებზე, რაც არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების კომისიის დასკვნაზე. - ამის შესახებ, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "რეჟიმი ცდილობს მთელ ქვეყანას და მსოფლიოს უთხრას, რომ აქ ცვლილების ადგილი არ არის, უნდათ უიმედობა გამოიწვიონ, მაგრამ ნაცვლად უიმედობისა გამოიწვევს დიდ მოტივაციას და ჩვენ შევძლებთ ერთიან დიდ წინააღმდეგობას".
“ გამარჯვება მტკიცე და მძლავარ წინააღმდეგობაზე გადის, გთხოვთ, საბოლოოდ შევქმნათ ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტი, ეს იქნება მთავარი ფრონტი, ეს ფრონტი დაამარცებს რუსულ რეჟიმს”. - განაცხადა კირთაძემ.
პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
- სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.