"საბედნიეროდ, დახვრეტა დღეს გაუქმებულია" - დაპატიმრებული პოლიტიკოსების ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე
"საბედნიეროდ, დახვრეტა დღეს გაუქმებულია" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა და პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას გამოეხმაურა.
ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პროკურატურას და სასამართლოს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს სამართლებრივი ასპექტი არ გააჩნია და დღევანდელი პროკურატურა საბჭოთა პროკურატურის ტრადიციებს აგრძელებს.
ამ საკითხს სამართლებრივი ასპექტი არ გააჩნია. ეს არის საბჭოთა, 30-იანი წლების ტრადიციის გაგრძელება, სწორედ მაშინ, სწორედ საბოტაჟის მუხლები ადამიანებს იჭერდნენ. საბედნიეროდ, დახვრეტა დღეს გაუქმებულია, მაშინ ხვრეტდნენ. შესაბამისად დღევანდელი პროკურატურა არის საბჭოთა პროკურატურის ტრადიციების გამგრძელებელი და ამ ბრალდებით ბიძინა ივანიშვილი ეუბნება საქართველოში არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ნებისმიერ პროტესტანტ ადამიანს, ვინც არ ეთანხმება მათ მოღალატეობრივ პოლიტიკას, რომ ნებისმიერ ქმედებას სისხლის სამართლებრივ კვალიფიკაციას მივანიჭებ.
რა თქვე, რომ უცხო ქვეყნის მტრული ძალებისთვის დახმარება, ანუ მტრული ძალაა ევროკავშირი? მტრული ძალაა ამერიკის შეერთებული შტატები? რა თქვეს, რომ სანქციების დაწესებაზე მოქმედებები, ეს თურმე არის დანაშაულებრივი ღონისძიებები. თურმე სანქციების დაწესებით რაღაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ჰქონდა ადგილი, მაშინ მოდი ევროკომისიის წარმომადგენლები, ევროსაბჭოს წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, ამერიკის წარმომადგენლები მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
რეალურად ეს ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, ნებისმიერი პრო-დასავლური პოლიტიკური აქტივობა იქნეს დანაშაულად გამოცხადებული, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა პერიოდში, რომ აი იმპერიალისტური ძალები, დასავლეთის აგენტები და ა.შ., ამის შეფუთვაა და ცდილობენ, რომ ეს მოაქციონ, ამაზე საუბრობს არა კობახიძე მხოლოდ, არამედ ამაზე ლაპარაკობს ინსტიტუცია, პროკურატურა საუბრობს, აგე სასამართლო საუბრობს, ამის მცდელობაა ეს.
ჩვენ ახლა ეს თემები უნდა დავინახოთ ერთიან კონტექსტში, ბიძინა ივანიშვილი პროკურატურას და სასამართლოს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად, შესაბამისად დღეს ვიღაცის მიმართ რატომ ითხოვს გირაოს, რატომ არ ითხოვს ვიღაცის მიმართ პატიმრობას, ხვალ რა ნაბიჯებს გადადგამს, ამის სამართლებრივი პროგნოზირება შეუძლებელია. ამას აქვს მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი და ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, კრემლიდან რა სცენარიც მოდის ივანიშვილთან, ან კრემლიდან დამოუკიდებლადაც შიდა საკითხებში თვითონ რას წყვეტს და ამის უკან რა აზრი დგას, ამაზე მარჩიელობას ბუნებრივია არ ვაპირებ, მთავარია ჩვენ ვიცით ერთი რამ - სასამართლოც და პროკურატურაც არის "ქართული ოცნების" დანამატი და ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს საბჭოთა საქართველოს ტრადიციებით," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
- სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.