გვარამიას პასუხი პროკურატურას და მიმართვა ციხიდან
- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია რეჟიმი - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, „ქოცებო“ - მიმართავს პოლიტიკოსი "ქართულ ოცნებას".
"ძვირფასო და საამაყო მაგარო კაცებო და ქალებო ოპოზიციიდან, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, არალეგიტიმურად, პოლიტიკურ კეთროვანად, ხოლო შინ საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად.
ძვირფასო და საამაყო პოლიტპატიმრებო, რეჟიმის ტყვეებო: დიახ, თქვენი მორალური უპირატესობის წნეხმა გაჭყლიტა ქოცები და სრულიად დაუკარგა ორიენტირების და რაციონალური მოქმედების უნარი!
ძვირფასო და საამაყო ოპოზიციურო, პროდასავლურო პარტიებო, თქვენმა სრულმა იგნორირებამ პარტიების გაუქმების ჯალათური ბოდვის მიმართ, ასევე თავმმდაბალმა და რაციონალურად ერთადერთმა სწორმა დამოკიდებულებამ პროტესტის მიმართ, არ მისცა რეჟიმს შესაძლებლობა, უძრავ სამიზნედ გამოეყენებინეთ და თქვენი ფაქტორის პროპაგანდისტულ ექსპლუატაციის გზით გაენადგურებინა პროტესტი, რომლის "ლიდერი" დღემდე ვერ იპოვნა ( იმიტომ, რომ არც ყავს) და ამის გამო მეპროტესტეების და პატრიოტული სიჯიუტის და გამბედაობის გამო დღემდე ვერაფერი დააკლო, არადა ყოველ დღე ახალ რეპრესიულ კანონს იღებს და ათობით სხვადასხვა თაობის ადამიანს უშვებს ციხეში!
მადლობა სამოქალაქო სეტქორს, აკადემიას და რა თქმა უნდა, კრიტიკულ მედიებს!
ცოტაც!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!
პ.ს. გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, ქოცებო:)" - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ციხიდან გავრცელებულ წერილში.
პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
- სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.