პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გაგრძელება - ზურა ჯაფარიძის ადვოკატი ახალ ბრალზე
კოალიცია "ცვლილებისთვის" დაკავებული ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის შეფასებით, ახალი სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, პოლიტიკური მოტივებით სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელებაა.
ჩომახაშვილი ამბობს, რომ განცხადებას, რომელიც პროკურატურაში გენპროკურორის მიერ გაკეთდა, სისხლის სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ზურა ჯაფარიძე არის პოლიტიკური პატიმარი. ეს არის გაგრძელება პოლიტიკური მოტივებით სისხლის სამართლებრივი დევნის, შესაბამისად, იქამდე სანამ საქმის მასალებს არ გავეცნობით, დეტალურ ანალიზს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა, განცხადებებიდან და ბრალის ფორმულირებიდან გამომდინარე, დამერწმუნებით, რომ ამ განცხადებას სისხლის სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს, ამიტომ დეტალებზე მოგვიანებით შევძლებთ საუბარს, რადგან ჩვენ სავარაუიდოდო, მრავალტომიან საქმეს უნდა გავეცნოთ", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.