არჩევნების გაყალბების სქემა - "შაბათის ეთერის" გამოძიებაზე პროკურატურა დუმს

25.10.21 11:49
არჩევნების გაყალბების სქემა - "შაბათის ეთერის" გამოძიებაზე პროკურატურა დუმს

როგორ ყალბდება არჩევნები - "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ  მოპოვებული არაერთი მტკიცებულებების მიუხედავად, მთავარ პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია. 

ქუთაისის მერობის კანდიდატი, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში "შაბათის ეთერში" გასული სიუჟეტების შემდეგ გამოძიება დაიწყებოდა. 

ეს სისტემური დანაშაულია, პირველ რიგში არჩევნების გაყალბება. ვნახეთ, როგორ პჰირდებიან პრობაციონერებს შეღავათებს, როგორ აძალებენ პოლიციელებს, ან ზოგადად, როგორ არის მთელი სისტემა ჩართული არჩევნების გაყალბების მექანიზმში.

 ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ყველა ნორმალურ ქვეყანაში დაიწყებოდა გამოძიება, რაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, იმიტომ, რომ მთელი სამართალდამცავი უწყება მიკერძოებულია"- აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

 პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე, აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ყველა არჩევნებზე სხვადასხვა ტიპის გაყალბებას მიმართავს: 

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად უვიცია "ქართული ოცნების"  ხელისუფლება და რამდენად უტიფარია, როდესაც კონკრეტულ კანონდარღვევასთან დაკავშირებით უკან არ იხევს. ოცნების ხელისუფლების პირობებში, ყველა არჩევნები სხვადასხვა მეთოდებით ყალბდება"- ამბობს სამნიძე. 

"ლელოს" წევრის საბა ბუაძის შეფასებით კი, "შაბათის ეთერმა" საქმე გამოიძია, ახლა კი ჯერი პროკურატურაზეა. 

პროკურატურა დუმს, რადგან ისიც, ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მითვისების საქმეში ერთ-ერთი მოქმედი რგოლია. ეს არის ის, რითაც "ქართული ოცნება" ძალაუფლებას ინარჩუნებს. ეს არის ადამიანების უბედურების საკუთარ შესაძლებლობად გამოყენება და ცხადია, რომ ისინი ამაზე უარს არ იტყვიან"- აღნიშნა ბუაძემ.

"შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისიდან გამოჟონილი სკანდალური დოკუმენტები გაასაჯაროვეს.

დგინდება, რომ უკვე წლებია, მმართველი პარტია არჩევნებს ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების, პრობაციონერების, ნარკომომხმარებლებისთვის დაბრუნებული მართვის მოწმობების და მცირე მეწარმეებისთვის ჩამოწერილი ჯარიმების ხარჯზე იგებს.