"რუსი ოლიგარქის მიერ დიქტატურის დამყარების მცდელობა" - ნიკა გვარამიას ადვოკატი
დაკავებული პოლიტიკური ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ნებისმიერ სამართლებრივ მხარეზე საუბარი, რადგან ის რაც პროკურატურის ბრიფინგზე საზოგადოებამ მოისმინა, არაფერ კავშირში არ არის სამართალთან.
"ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას" - ამბობს უფლებადამცველი, რომელიც ამ წუთებში რუსთავის ციხეში კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერისთვის ახალი ბრალის წარდგენას ესწრება.
აქ შეუძლებელია რაიმე სამართლებრივ მხარეზე ვისაუბროთ, იმიტომ, რომ არცერთი ოდნავ თავმოყვარე იურისტიც კი არ წაიკითხავდა იმ ტექსტს, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბრიფინგზე. ცხადია, აქ სამართალი არაფერ შუაში არ არის, ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას და ამის შემადგენელი ნაწილია სწორედ დღეს ჩატარებული ბრიფინგი და ბრალდებები, რომელიც უნდა წარედგინოთ პოლიტიკოსებს, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას", - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება