საერთაშორისო მედია ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება
საერთაშორისო მედია ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება.
Reuters-ი წერს, რომ საქართველოს პროკურატურამ რვა წამყვანი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და მათ რეჟიმის შეცვლის მხარდაჭერასა და უცხოური ძალების დახმარებაში ადანაშაულებს
გამოცემა წერს, რომ ბრალდებულებს შორის არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და სამი მთავარი ოპოზიციური ბლოკის კიდევ შვიდი წევრი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პროკურატურის განცხადებით, რვა პირს ბრალად საბოტაჟი, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი უცხოური ინტერესების დახმარება და მთავრობის დამხობის მოწოდება ედებათ.
„ამ ნაბიჯის გადადგმა მმართველი „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობისა და პროდასავლური კურსის მიტოვების შესახებ ევროკავშირისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მზარდი შეშფოთების ფონზე მოხდა“, - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საქართველომ უარი განაცხადა.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.