"ჩემო ზვიგენიკო, ჩვენი სელფის დრო ძალიან მალე დადგება" - მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს
"ჩემო ზვიგენიკო, ჩვენი სელფის დრო ძალიან მალე დადგება" - ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
სოლოლაკის გორა
ივანიშვილის ზვიგენს
პატივცემულო სოლოლაკელო ზვიგენო გატყობინებ, რომ ალბათ შენი საჩივრის საფუძველზე შენი პატრონი ჩემს ისედაც პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობას კიდევ სამ წელს უმატებს არადა მე შენ ყოველთვის ზვიგენური ზვიგენი მეგონე და არაფრით მესმის თუ რატომ გეწყინა შენთან სელფის გადაღების მოწოდების ჩემს მიერ დადებული პოსტი.
სინამდვილეში მე მხოლოდ შენი პოპულარიზაციის მოტივებით ვხელმძღვანელობდი.
მაგრამ იცოდე მე არ მწყინს, იმიტომ რომ ვიცი, რომ შენც ისევე გაქვს აღკვეთილი თავისუფლება, როგორც მე.
ამიტომ გპირდები, რომ როცა ქვეყანას გავათავისუფლებთ, შენც გამოგიხსნით მაგ აკვარიუმიდან და დაგაბრუნებთ ატლანტიკის ოკეანეში ცოტაც კიდევ გაძელი ჩემო ზვიგენიკო.
ჩვენი სელფის დრო ძალიან მალე დადგება.
შენი მიშა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.