მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილი სერიოზულ პანიკაშია

06.11.25 17:53
მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილი სერიოზულ პანიკაშია

"ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება, სერიოზულ პანიკაში არიან"- ასე ეხმაურება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე  პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

როგორც ხაზარაძემ აჭარის მთავარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რამდენიმე წუთის წინ მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. 

"ლელოს" ლიდერის თქმით, მისი მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ორგანიზება ტყუილი და აბსურდია. 

მისი თქმით, "რაც არ უნდა გააკეთოს ოცნებამ, სიტყვის თავისუფლებას, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავს". 

ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება ძალიან სერიოზულ პანიკაშია. ამის დასტურია ის, რომ დღეს მე ბრალი წამიყენეს ისეთ აბსურდზე, როგორიც არის დანაშაულებრივი ორგანიზება რუსთაველზე მოლოტოვის კოქტეილების დამზადება, მანქანების აფეთქება და თუ რამე შეიძლება შეიძლება მოიხარშოს ავადმყოფურ თავში, ჩაწერეს ამ სულელურ ბრალში. მინდა მივმართო მათ, რომ საქართველოში რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, თუმცა დიდი მცდელობა გაქვთ, ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი მხრიდან ყველა კანონიერ ფარგლებში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და სამართალი. გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და ასეთ აბსურდებს არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ.

აქ რაც წერია არის აბსურდი. ვერანაირი კავშირი ამ ბოდვასა და იმას შორის, რატომ მომიყვანეს აქ, ვერ ვხედავ. ეს არის მცდელობა იმისა, რომ ჩვენი პარტიის აკრძალვის რაღაც საფუძველი შექმნან საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ძირითადად პიარკამპანიაა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ წერია, არის სიყალბე.

ახლა ხმაური სჭირდებათ იმიტომ, რომ ბათუმში და თბილისში 9 მილიონი კვადრატული მეტრი გადაეცათ არაბებს. ჩვენ ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და ქართული საზოგადოება დაინახავს რამხელა აფიორასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.