რა ჩადო პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმეში ოპოზიციონერების წინააღმდეგ?

06.11.25 18:34
რა ჩადო პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმეში ოპოზიციონერების წინააღმდეგ?

მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძე ახალი ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. 

ადვოკატების თქმით, პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმეში ოპოზიციონერების წინააღმდეგ გარკვეული ჩანაწერები, საჯარო სატელევიზიო გამოსვლები და მოწმეთა ჩვენებები ჩადო, თუმცა ვინ არიან ეს მოწმეები, ეს ჯერეჯერობით უფლებადამცველებისთვის უცნობია.

მითითებული არის, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც არის ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ვიდეო ჩანაწერები -სატელევიზიო, მოწმეთა ჩვენებები. უბრალოდ ეს არის სტანდარტული ჩამონათვალი, რომელიც სპეციალური სექცია არსებობს და ფორმალობა არის. მითითებული არის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, თუმცა რომელი მოწმეთა ჩვენებები, ამას ნუსხას გადმოგვცემს ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადებში, რაც შეეხება მის პოზიციას, ეს მისთვის მხოლოდ სასაცილო იყო, რაც წავიკითხეთ, ვინაიდან მას ედავებიან ორ სისხლის სამართლის დანაშაულს - ერთი საბოტაჟს და მეორე უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, რომელიც, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ 319-ე მუხლი საქართველოს ისტორიაში არავისთვის არ ყოფილა წაყენებული ბრალად. არ არსებობს ამაზე სასამართლო პრაქტიკა, შესაბამისად, ფორმულირება მისთვის არის არა სამართლებრვიი, არამედ პოლიტიკური", - ამბობს ზურა ჯაფარიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი. 

ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, ოპოზიციონერი ლიდერისთვის ახალი ბრალი ღიმილისმომგვრელი იყო, არ გაკვირვებია, რადგან გიორგი კონდახაშვილის თქმით, ეს მისთვის პირველი აბსურდული ბრალი არ ყოფილა. 

საპროტესტო აქციები ამ ქვეყანაში გამოცხადდა საბოტაჟად. ანუ ის ასითასობით ადამიანი, ვინ იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში, აღნიშნული პროტესტის მხარდაჭერა და აღნიშნულ პროტესტში მონაწილეობა, აღნიშნული ბრალდებით ფაქტობრივად შეფასდა, როგორც ქვეყნის შესუსტების მცდელობად და ქვეყნის საბოტაჟად. ეს აბსურდული ბრალია. მტკიცებულებები ჩვენ არ გადმოგვცემია, თუმცა ძირითად არის საუბარი კონკრეტული მითითების გარეშე მოწმეებსი გამოკითხვის ოქმებზე, სატელევიზიოდ გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე და ასევე გარკვეული ჩანაწერებია, რომელიც ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის. ნიკას შეფასება არის, რომ მისთვის ღიმილისმომგვრელია, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება, თუმცა ეს არის არის მისთვის პირველი აბსურდული ბრალი. რა თქმა უნდა ჩვენ გავეცანით, არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას", - აცხადებს გიორგი კონდახაშვილი. 

ის რომ საქმეში ოპოზიციონერების წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი პირების ვინაობა უცნობია, ამაზე საუბრობს გიორგი ვაშაძის ადვოკატიც. 

ჩვენებები მტკიცებულებების სიაში მითითებულია. ჯერჯერობით კონკრეტული ჩვენებები არ ვიცით, მაგრამ არის ვიდეოჩანაწერები, სოციალური ქსელებიდან ამოღებული მასალა, ასევე ინტერვიუებია დამუშავებული, როგორც მივხდი". - ამბობს გიორგი ვაშაძის ადვოკატი. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.