რა ჩადო სუს-მა საქმეში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა

06.11.25 20:09
რა ჩადო სუს-მა საქმეში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა

"პირველებმა" მოიპოვა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერების, ნიკა მელიას და ზურა ჯაფარიძის ბრალის დადგენილების დოკუმენტი, სადაც წერია, რა მტკიცებულება აქვს საგამოძიებო უწყებას ოპოზიციის რვა ლიდერის წინააღმდეგ. 

ირკვევა, რომ სუს-მა საქმეში ჩადო ფარული ჩანაწერები, რომელსაც ერთი წელი მალავდა. ერთი-ერთი არის ფარული აუდიო ჩანაწერები - სავარაუდოდ ეს არის სატელეფონო საუბრები. კონკრეტულად როდის არის მოპოვებული  ეს ჩანაწერები ეს ჯერჯერობით "პირველებისთის" უცნობია. ასევე დოკუმენტში არის მოწმეთა ჩვენებები, თუმცა კონკრეტულად არ სახელდებიან პირები, ვინც ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს. 

გარდა ამისა, საქმეში დევს სატელეფონო ანძებიდან ამოღებული ჩანაწერები. მაგალითად, ინფორმაცია არის აღებული კომერციული ბანკიდანაც. ასევე ინფორმაცია არის  გამოთხოვილი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან. სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან საგამოძიებო უწყებას აინტერესებდა დასანქცირებულთა ზუსტი რიცხვი, რომელ ქვეყანას რომელი მაღალჩინოსანი ჰყავდა დასანქცირებული. დოკუმენტში არის ასევე კრეფსებზეც ინფორმაცია.  

ადვოკატებს საქმის მასალები არ გადასცემიათ და უფრო მეტი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ხვალ უფლებადამცველებს საქმის მასალები ჩაბარდებათ. 

ახლა საინტერესოა, რა ვადებში ხორციელდებოდა კანონიერი თუ უკანონი მიყურადება და რა კონკრეტულად რა ფარული ჩანაწერებზეა საუბარი...

რის გამო უშვებენ ციხეში ოპოზიციის რვა ლიდერს?

მთავარმა პროკურორმა დღეს არ დამალა, რომ მათ ვერ პატიობენ, ბიძინა ივანიშვილის და ოცნების 300-მდე ჩინოვნიკის დასანქცირებას. ყველა დასანქცირებულის დასაბუთებაში წერია, რომ სანქცია დაწესებულია,  ხალხის წამების,  ცემის,  უკანონო დაკავებისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო. დღეს ივანიშვილის გუნდმა პრაქტიკულად თქვა, რომ მათ მთავარ მეტოქეებს ციხეში უშვებენ, იმის გამო, რომ ხალხის ქუჩებში წამებისა და ცემის შეჩერებაში დახმარებას დასავლეთს სთხოვდნენ. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.