მინიმალური სერიოზულობის ტესტსაც კი არ აკმაყოფილებს - ,,ოცნება" არჩევნების გაყალბების შესახებ გასაჯაროებულ მასალებზე

25.10.21 13:58
მინიმალური სერიოზულობის ტესტსაც კი არ აკმაყოფილებს -  ,,ოცნება" არჩევნების გაყალბების შესახებ გასაჯაროებულ მასალებზე

არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემა - ,,ქართული ოცნება" არასერიოზულს უწოდებს იმ მასალებს, რაც  ,,ნოდარ მელაძის შაბათმა" გაასაჯაროვა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ სარჯველაძე, აცხადებს, რომ მედიის მიერ მოყვანილი ფაქტები მინიმალური სერიოზულობის ტესტსაც კი არ აკმაყოფილებს.

ასე მეკითხებით, რომ თუ არჩევნების გაყალბების მიზნით კონკრეტული პირები  წერილებს ცვლიდნენ და რაღაცას აორგანიზებდნენ, ამაზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, ეს გაინტერესებთ? ამაზე კანონი იძლევა პასუხს. მინიმალურ სერიოზულობის ტესტს უნდა აკმაყოფილებდეს განცხადებები, რომელიც კეთდება, ყველა განცხადება, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს საგამოძიებო უწყების ყურადღებას. - აცხადებს სარჯველაძე.

ანალოგიური პოზიცია აქვს მმართველი პარტიის სხვა წევრსაც. გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების საჭიროება მისი პარტიის დღის წესრიგში არასდროს დამდგარა.

ვერ გეტყვით, რა დოკუმენტებზე საუბრობთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ნამდვილად ვერ ვხედავთ იმის საჭიროებას, ბუნებრივია, ამის საჭიროება არ მომხდარა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან.

თუ ვინმე თვლის, რომ კონკრეტულად მისი უფლება დაირღვა, ქვეყანაში შესაბამისი უწყებები არსებობს - აცხადებს მაჭარაშვილი.

,,შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომელიც უკვე წლებია, ,,ოცნების" ცენტრალურ ოფისში ინახება. ამ დოკუმენტებით ირკვევა, როგორ არღვევინებს ხელისუფლება კანონს პოლიციელებს, როგორ ათავისუფლენენ ციხეებიდან პატიმრებს და როგორ იყენებს კრიმინალურ ავტორიტეტეტებს  უბნებზე მოქალაქეებზე ზეწოლისთვის.

 დოკუმენტებში ათობით დანაშაული ჩანს, მაგრამ გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.