ვინ არის უცხო ქვეყანა, ვინც "ოცნების" მტკიცებით, "მტრულ საქმიანობას" ახორციელებს საქართველოში? - მახაშვილის პასუხი
"ოცნების" წევრი, ლევან მახაშვილი თავს იკავებს კითხვაზე პასუხისგან, თუ რომელ ქვეყანას გულისხმობდა გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, როდესაც ბრიფინგზე ამტკიცებდა, რომ უცხო ქვეყანა საქართველოში მტრულ საქმიანობას ახორიცელებს.
მე თავს შევიკავებ ამ შეფასებებისაგან - განაცხადა მახაშვილმა.
"პირველებმა" მახაშვილს კითხვა დაუზუსტა და ჰკითხა, გამოაცხადა თუ არა უკვე "ოცნებამ" სამართლებრივად მტრად და სწორედ ამას ხომ არ მოასწავებდა გენერალური პროკურორის განცხადება? - მახაშვილმა ასე უპასუხა:
გააჩნია მტერი, რითი აფასებთ. თუ ამბობთ ოკუპაციის ნაწილში, მემგონი ნათელია ვინც არის. მტრული საქმიანობა თუ არის ის, რომ ქვეყანას უბიძგებდნენ სამხედრო ესკალაციაში რუსეთისადმი, რა თქმა უნდა, ვინც უბიძგებდა, მინიმუმ ეს არ არის მეგობრული დამოკიდებულება", - განაცხდა მახაშვილმა.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ პოლიტიკოსებისთვის წაყენებული უმძიმესი ბრალდებების ჩამონათვალში უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაც ჩაწერა.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.