"ოცნებას" ევროკავშირი ფაქტებით პასუხობს
"ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას"- "ოცნებას" ბრიუსელი პასუხობს.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა პირდაპირ თქვა, რომ მიჩვეულები არიან საინფორმაციო პროპაგანდას ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ კონკრეტული ფაქტებით საუბრობს:
„ჩვენ ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას. ამ დროისთვის უკვე მიჩვეულები ვართ საინფორმაციო პროპაგანდას ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ, მოდით ფაქტებს სიცხადე შევძინოთ - უკვე 2024 წლის ივნისში ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე და რომელიც ასრულებდა პირველ გამოსაფხიზლებელ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მათ შეეცალათ აღებული კურსი. ჩვენ ვხედავთ იმავე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტის უმრავლესობას იგივე პარტია წარმოადგენს და იმის ნაცვლად, რომ შეცვლილიყო დემოკრატიისთვის მსგავსი დესტრუქციული ქმედებები, ჩვენ მხოლოდ ვხედავთ, რამდენად მწვავდება ეს ქმედებები ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, ჟურნალისტების დაპატიმრებითა და მშვიდობიანი პროტესტანტებზე თავდასხმით. ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა 2024 წლის ივნისში, ეს, ასევე, გვქონდა ოქტომბერში, დეკემბერში და ამ კვირას გაფართოების ანგარიშით კვლავ ვიხილეთ, რომ ამ ქმედებების შედეგი არის ის, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელადაა“, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.