ევროპარლამენტარები ტონს ამკაცრებენ - ბრიუსელი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
ევროპელი პოლიტიკოსები ღიად გამოხატავენ აღშფოთებას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებებზე, რომელიც, მათი შეფასებით, მიზნად ისახავს პოლიტიკური ველის სრულად გასუფთავებას და ოპოზიციის განადგურებას შეკერილი საქმეებით. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯებით ივანიშვილი ცდილობს ერთპარტიული ავტორიტარული მმართველობის დაკანონებას, რაც მას მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდება.
როგორც "პირველებთან" მიცემულ ინტერვიუში გერმანელმა ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ბრიუსელში უკვე მიმდინარეობს საუბარი სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებაზე. მისი თქმით, პირველ რიგში სანქციები უნდა დაწესდეს ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს და მნიშვნელოვანი აქტივები ფლობს ევროპის ტერიტორიაზე. ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი ასევე ითხოვს, რომ დასანქცირდნენ ის პირებიც, ვინც ოლიგარქის გავლენით ახორციელებს მმართველ პარტიაში გადაწყვეტილებებს.
გალერის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები, პუტინის სტილის რეპრესიები, შეჩერებული ევროინტეგრაცია, დემოკრატიის უკუსვლა და პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, მკვეთრად აჩენს პარალელს საბჭოთა კავშირის ბნელ ეპოქასთან. მისი თქმით, ასეთი მასშტაბის დემოკრატიული დეგრადაცია პოსტსაბჭოთა არცერთ ქვეყანაში არ შემჩნეულა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.