მადლობა ღმერთს, სააკაშვილს არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან ათი ათასობით პატიმარს გამოატარა - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა მოხდეს. კობახიძის თქმით, სააკაშვილს გაუმართლა, რომ იმ ციხის გამოვლა არ უწევს, რომელიც თავად გამოატარა ათი ათასობით პატიმარს.
როდესაც პატიმარს ეხება საქმე, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული იმ საერთო სტანდარტის შესაბამასად, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ პატიმარზე. რომ გამოცხადოს ათასმა პატიმარმა უცბად შიმშილობა, ყველას სამოქალაქო საავადმყოფოში, ბუნებრივია, ვერ გადაიყვან. არის სათანადო პირობები იმისათვის, რომ პატიმარმა გაიაროს ყველა პროცედურა თუ ამას გადაწყვეტილი აქვს, არ ჭამოს, იშიმშილოს, აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად იქნება ის მოპყრობა, რასაც მიჩვეულები არიან ჩვენი პატიმრები 2012 წლის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ, შეადაროთ ციხე, რა იყო 2012 წლამდე და რა არის დღეს. მიხეილ სააკაშვილს, მადლობა ღმერთს, არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან გამოატარა ათი ათასობით პატიმარს, - განაცხადა კობახიძემ.