რა ჩვენებები მისცეს რომეო მიქაუტაძის ყოფილმა მძღოლმა და ბავშვობის მეგობარმა სასამართლოზე?

10.11.25 17:50
რა ჩვენებები მისცეს რომეო მიქაუტაძის ყოფილმა მძღოლმა და ბავშვობის მეგობარმა სასამართლოზე?

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძი წინააღმდეგ პროკურატურამ დღეს სასამართლოზე მისი ყოფილი მძღოლი და ბავშვობის მეგობარი მიიყვანა. 

მძღოლმა დაადასტურა, რომ რომ მიქაუტაძის თხოვნით მისი პირადობით რიცხავდა თანხებს სხვების ანგარიშებზე, მათ შორის რომეო მიქაუტაძის მეუღლის, ნინო მიქაუტაძის ანგარიშზე. მძღოკმა ასევე ისაუბრა მიქაუტაძების მიერ შეძენილ ავტომობილებზეც. 

გიორგი საკანდელიძე -მიქაუტაძის ყოფილი მძღოლი 

რომეოს თხოვნით ჩემი პირადობით ვრიცხავდი თანხებს სხვადასხვა ანგარიშზე. ბატონი რომეო მაძლევდა თანხას, მე აპარატის მეშვეობით ვურიცხავდი მაგალითად მის მეუღლეს. ნინო მიქაუტაძეს შავი რეინჯ როვერი ჰყავდა. ბატონ რომეოზე ინფორმაცია მაქვს, რომ მერსედესის ჯიპი შეიძინა, დეტალები არ ვიცი ჩვენ ამ მანქანით არ გვიმოძრავია, მაგრამ რამდენჯერმე ნანახი მაქვს ეს მანქანა. ჩვენ სახელმწიფო მანქანით გადავადგილდებოდით ყოველთვის.

რაც შეეხება რომეო მიქაუტაძის ბავშვობის მეგობარს, მან ასეთი პასუხები გსცა პროკურორის და ადვოკატის შეკითხვებს: 

პროკურორი- თქვენ გამოკითხვის ოქმში წერთ რომ, 2022 წელს რამდენჯერმე შეხვდით რომეოს და ნინო მიქაუტაძეს შეთამხმდით, რომ საწარმო უნდა დაგერეგისტრირებინათ სადაც 50% უნდა ყოფილიყო თქვენზე და მეორე ნახევარი ფორმალურად ნინო მიქაუტაძის დაზე თინათინ მინდიაშვილზე. ადასტურებთ ამას? 

ბექა ბეშქანაძე - რომეო მიქაუტაძის ბავშვობის მეგობარი- ზუსტად არ მახსოვს სამი წლის წინ შეხვედრაზე რომეო იყო თუ არა. ძირითადად ნინო მიქაუტაძეს ვეკონტაქტებოდით. მის დაზე გაფორმდა იმიტომ რომ ნინო ხშირად მოგზაურობდა და ქვეყანაში არ იყო. ჩვენებაში წერია რომ ბანკიდან აღებული სესხის ნაწილი მიქაუტაძეებმა გადაიხადეს, ეს “ები” მე არ დამიწერია, ნინო მიქაუტაძეს ვგულისხმობდი. 

ადვოკარი მალხაზ სალაყაია- თქვენ დღევანდელ ჩვენებაში ყვებით თქვენი ბიზნესის შესახებ და მე მიჩნდება კითხვა, ამ ყველაფერთან ბატონი რომეო რა შუაშია?

მოწმე- არანაირ შუაში.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ მიქაუტაძის მხრიდან ქონების არავითარ გადამალვას ადგილი არ ჰქონია და ყველა მართავდა იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ფლობდა. უფლებადამცველი ირწმუნებოდა, რომ მიქაუტაძეების ოჯახში არსებობდა საერთო ფინანსური ყულაბა და ყველა ამ საერთოდან სარგებლობდა. 

პროკურორის განცხადებით კი დღევანდელი მოწმეების მხრიდან დადასტურდა, რომ მიქაუტაძეებს მათ სახელზე ფორმალურად ჰქონდა გაფორმებული ძვირადღირებული მანქანები - ჯამში მილიონი ლარის ოდენობის. 

სახელმწიფო მბრალდებლის თქმით, რომეო მიქაუტაძეს გარდა იმისა, რომ უკანონოდ აქვს მიღებული თანხები, ასევე აქვს დაუსაბუთებული ქონება მიღებული რასაც გამოძიებას მას ედავება. 

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.

მსგავსი სიახლეები