რა თქვეს ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლებმა?
კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლების შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან დასრულდა.
"ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლებიც ცნობით, მათ ევროსაბჭოს დელეგაციასთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და სამომავლო ხედვები განიხილეს.
ამასთან საუბარი შეეხო ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასაც. ბადრი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე ევროსაბჭოს წევრებს მათ თავიანთი პოზიცია გააცნეს.
ჩვენ შეხვედრა გვქონდა ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფთან, რომელიც აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საქმიანობაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივიღეთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რა გეგმები გვაქვს და ასევე შევაფასეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები.
ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. მიგვაჩნია, აუცილებლად, ყველა არჩევნებში მონაწილეობა, მათ შორის იქნება ეს ადგილობრივი, იქნება ეს საპარლამენტო არჩევნები, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია და ჩვენ ვესაუბრეთ მათ ჩვენ პოზიციაზე და არა სხვების პოზიციაზე. რაც არ უნდა განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ. ამიტომაც არაერთხელ ვთქვი, კიდევ გავიმეორებ, მზად ვართ რომ ვისაუბროთ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან და ერთად ვეძებოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზები. არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა შევუწყოთ დაპირისპირებას და არ უნდა შევიძულოთ ადამიანები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო. ჩვენი პოზიცია არის მყარი ამასთან დაკავშირებით, ეს პოზიცია გავაცანით ჩვენ სტუმრებს," - თქვა "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
ასევე, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული დემოკრატიის გამოწვევებს, "ქართული ოცნების' რეპრესიულ პოლიტიკას, პარტიების აკრძალვის საკითხს და ა.შ.
საუბარი, ბუნებრივია, შეეხო ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც დგას როგორც გამოწვევა ქართული დემოკრატიის წინაშე, მათ შორის, ის რეპრესიული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს "ქართული ოცნების" რეჟიმი, მათ შორის, ცხადია, პარტიების აკრძალვის საკითხი, ისე როგორც გასული ადგილობრივი არჩევნები, მომავალი გეგმები, ჩვენ როგორ ვუყურებთ ქართული დემოკრატიის გადარჩენას," - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ცნობისთვის, მანამდე ევროსაბჭოს დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" და კოალიცია "ცვლილებების" წარმომადგენლებთანაც გამართა.