პოლიტიკური ანგარიშსწორების საქმეები - "ოცნების" შემდეგი სამიზნე არასამთავრობო სექტორია?
"ქართული ოცნების" შურისძიებამ მსოფლიო მედია აალაპარაკა. გავლენიანი გამოცემა ეკონომისტი წერს, როგორ ქრება საქართველოში დემოკრატიის უკანასკნელი ნაკვერჩხალი. ბრიტანული მედია პოლიტიკურ კრიზისს მიმოიხილავს და წერს, რომ "ოცნება" რვა პოლიტიკოსს მრავალი წლით უპირებს ციხეში გამოკეტვას. რეპრესიების და ტერორის გარდა საგანგაშოდაა შეფასებული საქართველოს მმართველი პარტიის არჩეული საგარეო კურსიც. რას ფიქრობს მსოფლიო "ოცნების" რეპრესიებზე ეს "ქართულ ოცნებას" არ აინტერსებს, ისევე, როგორც არც ის სახელი, რომელიც მათ მმართველობას ცივილიზებულმა სამყარომ დაარქვა.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოლოდინი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ე.წ საბოტაჟის საქმის მტკიცებულებების ნაწილი გასაჯაროვდა. პროკურატურის მოწმეები - ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარაშვილი მესამე სექტორის აქტიურობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამიტომ ჩნდება მოლოდინი, რომ ამ ჩვენებების საფუძველზე ოპოზიციის შემდეგ ივანიშვილის პროკურატურა ქართულ არასამთავრობოებსაც მიადგება.
ვინ იქნება შემდეგი? - ამ კითხვაზე "ქართულ ოცნებაში" მკაფიო პასუხი არ აქვთ. ოპოზიციის წინააღმდეგ 36-ტომიან საქმეში არაერთხელაა ნახსენები სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ წინააღმდეგ ჯერ ოფიციალურად სისხლის სამართლის დევნა დაწყებული არ არის, თუმცა "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
ბიძინა ივანიშვილი ახალი პოლიტიკური მძევლებით დასავლეთთან სავაჭროდ ემზადება - ასე ხედავენ 36-ტომიან საქმეს "ქართული ოცნების" ოპონენტები.