თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს - აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

25.10.21 16:24
თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს - აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, თუ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ხალხის პროტესტი "ქართულ ოცნებას" წალეკავს. 

ზოგადად, ჩვენი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაშ შევიკრიბეთ იუსტიციის სამინისტროსთან მოთხოვნით,  რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, სამოქალაქო კლინიკაში და არც ერთ შემთხვევაში გლდანის ციხეში, იმიტომ, რომ როგორც კონსილიუმის წევრებმა გასცეს რეკომენდაცია, ასევე სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს კლინიკა არც ერთ შემთხვევაში არ პასუხობს იმ მოთხოვნებს და საჭიროებებს, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს მიხეილ სააკაშვილი უახლოესი საათების განმავლობაში. გარდა ამისა, არსებობს მისი უსაფრთხოების პრობლემა. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს, არ დაუშვან ეს და არ გააგრძელონ შურისძიება მიხეილ სააკაშილის წინააღმდეგ.

ვაფრთხილებთ იუსიტიციის მინისტრს, რომელიც არ მგონია, რომ რამე განსაკუთრებულს წყვეტდეს, მაგრამ ამით ვაჟღერებთ ზოგადად სახელისუფლებო ინსტიტუტების, პირადად ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ  მიხეილ სააკაშვილის  სიცოცხლეს თუ საფრთხე დაემუქრება, ხალხის პროტესტი და რისხვა წალეკავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, - ამბობს ალიკა კუპრავა. 

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, პროტესტის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.