ივანიშვილის მთავრობა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს
ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს. ინფორმაციას თავად ევროკომისია ადასტურებს და განმარტავს, რომ მიზეზი საქართველოში დემოკრატიის უპრეცედენტო უკუსვლაა.
სამიტს, რომელიც ბრიუსელში 18 ნოემბერს გაიმართება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კანდიდატი ქვეყანა დაესწრება.
ევროპარლამენტის ყოფილი მრჩევლის, თამარ გუგულაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ევროპას ქურდულად ესაუბრება, ასეთ დიალოგში კი ევროპელები არ შედიან.
მათთვის შეუძლებელია მოიწვიონ ადამიანები, რომლებიც მათ პირდაპირ, ღიად ლანძღავენ, ღიად ატერორებენ იმიტომ, რომ ტერორი მიდის, მოთხოვნები, გარჩევები მიდის ქურდულად ევროპელებისთვის, რომ თუ შენ ამას არ გააკეთებ, მე არ დაგელაპარაკები, რაც არის ისეთი საუბრის ტონი და ისეთი ქცევა, რომელიც თვითონ ქურდული წეს-კანონით რომ ვთქვათ, "არ მოსულა", ასე არ საუბრობენ ასეთნაირ დიალოგში და ასეთ ქცევებში ევროპელები არ შედიან.
გვაღიარეთ როგორც ავტოკრატია, დაგველაპარაკეთ ისე, როგორც სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებს - მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მოსთხოვო ცივილიზებულ სამყაროს, მაშინ, როცა სულ ცოტა ხნის წინ, შენ იყავი ლიდერი ქვეყანა დემოკრატიის თვალსაზრისით და მასთან დაახლოების თვალსაზრისით, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ბლოკსაც, ევროკავშირს, სთხოვ რომ თვითონაც ასე მოიქცეს, როგორც შენ იქცევი, ანუ თვითონაც ხაზი გადაუსვას თავის გაფართოების პოლიტიკას," - ამბობს თამარ გუგულაშვილი.
"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებლის, გიორგი მელაშვილის თქმით, სამიტზე "ქართული ოცნების" არ მიწვევა სრულად მოსალოდნელი იყო გაფართოების ბოლო ანგარიშის გათვალისწინებით.
"ქართული ოცნება" არ დაპატიჟეს გაფართოების სამიტზე, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო გაფართოების ბოლო ანგარიშის გათვალისწინებით. ასეთი საშინელი შედეგის პირობებში, ასეთი მძიმე შეფასებების პირობებში, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას გაფართოების სამიტში.
ამას ემატება ისიც, რომ საერთოდ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებებით, შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი და პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ ღრმავდება ევრო-იზოლაცია, ღრმავდება საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე და ევროკავშირის გაფართოება, როგორც ანგარიშში იყო ნათქვამი, დარჩა მხოლოდ სიტყვა გაფართოება საქართველოს სტატუსში," - თქვა გიორგი მელაშვილმა.