ხმალაძესთან, კორუფციული მიმართულებით, არაერთი კითხვაა პასუხგაუცემელი - ბესიკ დონაძე

11.11.25 13:43
ხმალაძესთან, კორუფციული მიმართულებით, არაერთი კითხვაა პასუხგაუცემელი - ბესიკ დონაძე

კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე ამბობს, რომ ირაკლი ხმალაძესთან მიმართებით, რომელიც ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა, კორუფციული მიმართულებით არაერთი კითხვა არსებობს. მისი თქმით, ყოფილმა ჩინოვნიკმა უნდა განმარტოს, როგორ შეიძინა მილიონიანი ქონება.

ამასთან, დონაძე ფიქრობს, რომ ვიდრე თავად "ოცნებას" არ დასჭირდება ხმალაძს დაჭერა და მისგან გარკვეული ჩვენებები მიღება, კითხვებზე პასუხები არ იარსებებს. 

ხმალაძესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები იყო კორუფციული მიმართულებით იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი თანამდებობაზე დანიშვნიდან ძალიან მცირე დროში, როგორც "ქართულ ოცნებას" სჩვევია, გამდიდრდა. მან, ფაქტობრივად, მილიონ დოლარად ღირებული სახლი შეიძინა, იმიტომ, რომ ეს მის დეკლარაციაში არის ასახული და ვიცე-მერის ხელფასით მილიონ დოლარიან სახლს ასე ვერ ყიდულობ. ხმალაძეს ბევრ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი მის გამდიდრებასთან დაკავშირებით, შემდეგ იყო კიდევ მეორე სახლთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მის სახელზე არ არის გაფორმებული, მაგრამ ფაქტობრივად, მას უკავშრდება. ხოლო, რაც შეეხება ნებართვებს, ამ მიმართულებითაც იყო გარკვეული კითხვები და ეჭვები, მაგრამ სამწუხაროდ, "ქართული ოცნებიდან" პასუხები ვერ მოვისმინეთ. სანამ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურად არ დასჭირდება ხმალაძის დაჭერა ან გარკვეული ჩვენებების მიღება, მანამდე ვერაფერს გავიგებთ, - ამბობს დონაძე. 

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბრძანებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან ირაკლი ხმალაძე გათავისუფლდა. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ხმალაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ დაინიშნება მის ადგილას. ხმალაძე მანამდე იყო თბილისის ვიცე-მერი, ხოლო კარიერაში მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავა ენერგეტიკის სამინისტროში — 2008–2013 წლებში იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, შემდეგ კი მინისტრის მოადგილედ.

მისი გათავისუფლება ოპოზიციაში და ექსპერტთა წრეებში აღიქმება არა როგორც ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება, არამედ როგორც სავარაუდო კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული პოლიტიკური სიგნალი.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ბეთანიაში მდებარე 362 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი და დიდი ეზო, რომელიც რეალურად ხმალაძეს უკავშირდება, ყოფილი თანამშრომლის, თამარ მელიქიშვილის სახელზეა გაფორმებული. გამომძიებელ ჟურნალისტთა ცნობით, ქონება შეძენილია სესხის გარეშე, დაახლოებით 1,2 მილიონი ლარის ღირებულებით, რამაც გააჩინა კითხვები მისი დეკლარაციის სიზუსტესა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე.

მელიქიშვილი ამ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს, მაშინ, როცა ექსპერტების შეფასებით, ხმალაძის გადადგომა შესაძლოა იყოს მთავრობაში მიმდინარე შიდა საკადრო წმენდის ნაწილი

მსგავსი სიახლეები