დაკითხვაზე არ დავუბარებივართ - პირველი ინტერვიუ ირაკლი ხმალაძესთან
"პირველების" პირველი ინტერვიუ ირაკლი ხმალაძესთან თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ - "ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამტკიცებს, რომ პოსტი "პირადი განცხადების საფუძველზე" დატოვა.
როგორც მან "პირველებთან" სატელეფონო ინტერვიუში თქვა, წამოსვლამდე კომუნიკაცია ჰქონდა "ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრთან და საქმის კურსში ჩააყენა კახა კალაძე, რომელთანაც ხმალაძემ 7 წელი იმუშავა.
ამასთან, როგორც ხმალაძემ TV პირველს განუცხადა, ის საჯარო სამსახურში საქმიანობის გაგრძელებას არ გეგმავს.
არ ვაპირებ სახელმწიფო სტრუქტურაში გავაგრძელო საქმიანობა, სახელმწიფო უწყებებში 20 წელი ვიმუშავე, აქიდან ბევრი წელი მაღალ თანამდებობებს ვიკავებდი. ჩემი სურვილია, კერძო სტრუქტურაში გავაგრძელო საქმიანობა"- თქვა ხმალაძემ.
მისივე მტკიცებით, გამოძიებას არ დაუკითხავს და ვერც ხედავს მიზეზს მისი საქმიანობით შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ.
არასდროს დავიკითხივართ, გამოძიებას კითხვები ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით აქამდე არ ჰქონია - ამას თამამად გეუბნებით. დეკლარაციასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ მას ყიველ წელს ანტიკორუფციული ამოწმებდა. უზუსტობის გამო დავჯარიმებულვარ, თუმცა არ მქონია დეკლარაციის დროს ისეთი დარღვევები, რომ ეს კითხვების დასმის საფუძველი გამხდარიყო"- განაცხადა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
მისივე განცხადებით, არ აპირებს, ისაუბროს იმ ჟურნალისტურ გამოძიებებზე, რომელიც ბეთანიაში მდებარე სახლს ან მშენებლობის ნებართვების სკანდალს უკავშირდება. ხმალაძე იქვე ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით გამოძიებას მასთან შეკითხვები არ ექნება.
- "შაბათის ეთერის" გამოძიება - ვის ეკუთვნის რეალურად ბეთანიის მილიონიანი სასახლე?
- "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტები 2024 წელს საუბრობდნენ მის ძვირადღირებულ სახლებზე, რომლებიც დეკლარაციაში მითითებული არ არის.
"პირველები" დაინტერესდა, სად იმყოფება ამჯერად ექს-მაღალჩინოსანი, რაზეც ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ ქვეყანა არ დაუტოვებია, თუმცა საზღვრის კვეთის შეზღუდვა არ აქვს:
საქართველოში ვარ, შემიძლია გავიდე, ქვეყნიდან გასვლას არავინ მიშლის. ჩემთან მიმართებაში კითხვები არ არის"- აღნიშნა მან.
მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბრძანებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან ირაკლი ხმალაძე გათავისუფლდა. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ხმალაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ დაინიშნება მის ადგილას.
მისი გათავისუფლება ოპოზიციაში და ექსპერტთა წრეებში აღიქმება არა როგორც ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება, არამედ როგორც სავარაუდო კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული პოლიტიკური სიგნალი.