ყველა ვალდებულია, კითხვებს გასცეს პასუხი - "ოცნებაში" ხმალაძის გადადგომაზე კომენტარი გაკეთდა

11.11.25 15:41
ყველა ვალდებულია, კითხვებს გასცეს პასუხი - "ოცნებაში" ხმალაძის გადადგომაზე კომენტარი გაკეთდა

ირაკლი ხმალაძის გადადგომასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" პირველი კომენტარები გაკეთდა. ივანიშვილის გუნდში პირდაპირ ამბობენ, რომ თუკი კონკრეტული პირის მიმართ არსებობს კითხვები, ის ვალდებულია, ყველა კითხვას უპასუხოს. 

მე არ ვიცი, რა მიზეზით წავიდა თანამდებობიდან. თუ ვინმეს აქვს კითხვები, ყველა ვალდებულია, ამ კითხვებს პასუხები გასცეს: მინისტრის მოადგილე იქნება, მერი იქნება, ყოფილი მოადგილე და ა.შ. ასე რომ, დაველოდოთ, თუ რამე სიახლე იქნება, ყველა ერთად გავიგებთ. მე არ ვიცი ირაკლი ხმალაძეს რა ოქნება აქვს, ან ა ქონება არ აქვს, არც მისი დეკლარაცია მინახავს. მე ვამბობ ერთს, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები, აქვს ვალდებულება, მათ უპასუხოს, - ამბობს ლადო ბოჟაძე.  

"ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ თუ კორუფციასთან დაკავშირებით ხმალაძის მიმართ საკითხი აქტუალური იქნება, ეს დამალული არ დარჩება. 

მართალი გითხრათ, მეც ონლაინ წყაროებიდან გავიგე ირაკლი ხმალაძის გადადგომის შესახებ. რომ გითხრათ, რომ რაიმე კონკრეტული შემიძლია, ამ ფაქტთან დაკავშრებით გითხრათ, ნამდვილად ვერ გეტყვით. რაც შეეხება მასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუ აღნიშნული საკითხები აქტუალური იქნება ან საჭირო იქნება, რომ რომელიმე უწყება დაინტერესდეს, ვხედავთ, რომ იმ ერთიანია პოლიტიკის ფარგლებში არაფერი აღარ რჩება დაფარული და დამალული, რა თქმა უნდა, თქვენც მოგიწევდათ, რომ უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე, ვინმეს დააბრალოთ ისეთი რაღაც, რაც არ არის დადასტურებული და რა თქმა უნდა, ყველა დაველოდებით პროცესების განვითარებას, - ამბობს ნინო წილოსანი. 

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბრძანებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან ირაკლი ხმალაძე გათავისუფლდა. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ხმალაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ დაინიშნება მის ადგილას. ხმალაძე მანამდე იყო თბილისის ვიცე-მერი, ხოლო კარიერაში მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავა ენერგეტიკის სამინისტროში — 2008–2013 წლებში იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, შემდეგ კი მინისტრის მოადგილედ.

მისი გათავისუფლება ოპოზიციაში და ექსპერტთა წრეებში აღიქმება არა როგორც ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება, არამედ როგორც სავარაუდო კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული პოლიტიკური სიგნალი.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ბეთანიაში მდებარე 362 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი და დიდი ეზო, რომელიც რეალურად ხმალაძეს უკავშირდება, ყოფილი თანამშრომლის, თამარ მელიქიშვილის სახელზეა გაფორმებული. გამომძიებელ ჟურნალისტთა ცნობით, ქონება შეძენილია სესხის გარეშე, დაახლოებით 1,2 მილიონი ლარის ღირებულებით, რამაც გააჩინა კითხვები მისი დეკლარაციის სიზუსტესა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე.

მელიქიშვილი ამ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს, მაშინ, როცა ექსპერტების შეფასებით, ხმალაძის გადადგომა შესაძლოა იყოს მთავრობაში მიმდინარე შიდა საკადრო წმენდის ნაწილი

 

მსგავსი სიახლეები