50,000 დოლარიანი Mercedes G Class, 26,106 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი, 2 სახლი - რა ქონება შეიძინა გამრეკელმა თანამდებობაზე ყოფნის დროს?
რა ქონება შეიძინა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, აწ უკვე დაკავებულმა ლევან გამრეკელმა თანამდებობაზე ყოფნის დროს? - კოალიცია "ცვლილებისთვის"წევრი, დავით მჟავანაძე ამბობს, რომ გამრეკელს მისსავე სოფელში თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 26,106 კვ.მ -ის მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი, აგრეთვე ორი საცხოვრებელი სახლი აქვს შეძენილი.
როგორც მჟავანაძე სოცილაურ ქსელში წერს, 2021 წლის დეკემბერში გამრეკელმა Mercedes G Class-ის ავტომობილში 50,000 აშშ დოლარი გადაიხადა.
მისი თქმით, ყოფილი მაღალაჩინოსანი ყოველთვის კორუმპირებული იყო, ახლა კი უბრალოდ შიდა კლანურ ომს ემსხვერპლა - "თორემ სინამდვილეში ეს კაცია "ოცნების" სახე ".
"ფლანგვის დეტექტორში" მუშაობის პერიოდში ორჯერ მოვამზადეთ სტატია ხაშურის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეზე.
ამ კაცმა 3 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო მის სახელზე არსებული 3 კომპანიის მეშვეობით. ყველა ტენდერები აბსოლუტურად მორგებული პირობებით.
ამ 3 კომპანიიდან 2 შავ სიაში შეიყვანა შესყიდვების სააგენტომ, ვინაიდან სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებდა.
ამის შემდეგ ეს კაცი ადგა და მესამე კომპანია მისი 19 წლის შვილის სახელზე გააფორმა და ასე განაგრძო ტენდერებში მონაწილეობა.
ლევან გამრეკელი სოფ. ოსიაურის მაჟორიტარი იყო ქართული ოცნებიდან და მისსავე სოფელში თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 26,106 კვ.მ -ის მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი, აგრეთვე ორი საცხოვრებელი სახლი აქვს შეძენილი.
2021 წლის დეკემბერში გამრეკელმა Mercedes G Class-ის ავტომობილში 50,000 აშშ დოლარი გადაიხადა.
ეს კაცი ყოველთვის ცნობილი კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო, მაგრამ ქ.ოცნება მას კბილებით იცავდა. 2021 წელს ხელმეორედაც კი აირჩიეს საკრებულოში.
ახლა შიდა კლანურ ომს ემსხვერპლა, თორემ სინამდვილეში ეს კაცია ქართული ოცნების სახე და ამ რეჟიმის არსს განასახიერებს სრულად", - წერს მჟავანაძე.
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავა.
პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.