პაპუაშვილი ბრიუსელს კონფრონტაციასა და თავდასხმებში ადანაშაულებს

12.11.25 12:07
პაპუაშვილი ბრიუსელს კონფრონტაციასა და თავდასხმებში ადანაშაულებს

სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელს საქართველოსთან კონფრონტაციაში ადანაშაულებს და ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერება სწორედ ევროპელი პარტნიორების ინიციატივით მოხდა. ამის შესახებ მან გაფართოების ფორუმზე საქართველოს არმიწვევის საკითხზე საუბრისას აღნიშნა. 

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ისევ იმეორებს, რომ ევროკავშირი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია.

„ორი საკითხია: ამჯერად უკვე პრესსპიკერმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა, რომ ეს პროცესი შეაჩერა თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში. ასე რომ, კიდევ ერთხელ, საკუთარი პირით აღიარეს, თუ რა დეზინფორმაციული, ცრუ ნარატივი ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ეს კიდევ ერთი დასტური და საკუთარი თავის მხილებაა.

მეორე - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას დიალოგის ნაცვლად, რაც ასევე გახლავთ ბრიუსელის მხრიდან კიდევ ერთი ნიშანი ევროპული ღირებულებებისგან გადახვევისა. ევროპული ღირებულება, ის როგორც ჩვენ, ქართველებს გვესმის და რისი თანაშემოქმედებიც ჩვენ ვართ, არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, არის საუბარი და არა დირექტივები, არის სხვისი ინტერესების გააზრება და არა მითითებების მიცემა. ბრიუსელი, დღეს, სამწუხაროდ, ამ ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის სწორედ ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები და რიტორიკა, რომელიც გვესმის ჩვენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველო 18 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის. აღნიშნული ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გიომ მერსიე  დაადასტურა. მისივე თქმით, ბრიუსელმა შეამცირა კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან. 

მსგავსი სიახლეები