იგეგმება თუ არა რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება - რას ამბობს პაპუაშვილი
იგეგმება თუ არა რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება? - შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს ვერ ხედავს.
„არა. რატომ უნდა ვხედავდე?! ჩემი კომპეტენცია არ არის ასეთი ტიპის დაწესებულებაში ვინმეს დანიშვნა, ან გათავისუფლება" - განაცხადა პაპუაშვილმა კითხვის საპასუხოდ.
"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარი გამოწვევა, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს, მისი დასახელებაა, რადგან სახელის გამო საგამოძიებო უწყება გგონიათ - "დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაციაა და არ მიგვიცია უფლებამოსილება, ჩასაფრება და ძიება დაიწყოს".
„სინამდვილეში, მთავარი გამოწვევა, რაც ამ უწყებას აქვს, არის მისი დასახელება. თქვენ გესმით სახელწოდება „ანტიკორუფციული ბიურო“ და ფიქრობთ, რომ ეს არის საგამოძიებო უწყება, რომელიც კორუფციას უშუალოდ ებრძვის. ეს ასე არ არის. ეს არის ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობთ სახელიდან გამომდინარე. ანტიკორუფციული ბიურო არის საჯარო მოხელეების დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაცია, რომელიც ამოწმებს მის შესაბამისობას საჯარო წყაროებში არსებულ მონაცემებთან, სახელმწიფო უწყებებში დაცულ ინფორმაციებთან. პარლამენტს არ მიგვიცია ამის უფლებამოსილება ბიუროსთვის, რომ მან დაიწყოს ჩასაფრება და ძიება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.
მოგვიანებით, ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურში ინფორმაციას მცდარი უწოდეს. თავად რაჟდენ კუპრაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა: "არ მოვუხსნივარ, ადგილზე ვარ, ნუ გეშინიათ".