"საგამოძიებო უწყება ხელს არავის აფარებს" - პაპუაშვილი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე

12.11.25 12:47
"საგამოძიებო უწყება ხელს არავის აფარებს" - პაპუაშვილი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე

კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს. ყველა, ვისაც კორუფციაზე ხელი წაუცდება, უნდა გამოვლინდეს - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ლევან გამრეკელისა და მასთან კავშირში მყოფი ორი პირის დაკავებას.

 პაპუაშვილი ირწმუნება, ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ჩართულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელს არავის აფარებს, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან.

„როდესაც ირაკლი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ზუსტად მაშინ ითქვა, რა იქნებოდა მთავრობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს, საქართველო რეგიონში არის ლიდერი კორუფციის სიმცირის გამო, თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენ ვიყოთ საუკეთესო სამეულში კორუფციის სიმცირის გამო. ამიტომ, კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს. ყველა, ვისაც კორუფციაზე ხელი წაუცდება, უნდა გამოვლინდეს. იმედი მაქვს, ამაში მაინც დამეთანხმებით, რომ სუს-ი, შსს, პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება - ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ჩართულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არავის ხელს არ აფარებს. არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან.

ვინც ჩაიდენს დანაშაულს, დანაშაული იქნება გამოვლენილი. ეს არის ზუსტად ის, რა პოლიტიკასაც ვახორციელებთ. კონცენტრირებულად ამ საკითხებზე, ნარკოდანაშაულზე, მათ შორის ბანდიტიზმზე - დღესაც აღმოაჩინეს თითქმის 10 წლის წინანდელი სამალავი, სადაც შეიარაღება იყო შენახული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი უწყებები ამ მხრივ ძალიან ეფექტიანები არიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავა.

პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

 

მსგავსი სიახლეები