პაპუაშვილმა ბრიუსელი "საბჭოთა მოსკოვს" შეადარა
შეძლო თუ არა ევროსაბჭოს დელეგაციის დარწმუნება, რომ "ოცნების" პოლიტიკა სწორია - ამ კითხვით "პირველებმა" შალვა პაპუაშვილს მიმართა. სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათი ამოცანა ეს არ არის და მთავარია, ამაში საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნონ.
ამასთან, პაპუაშვილი ევროპელ პარტნიორებს ისევ აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ დიალოგი არა საქართველოს, არამედ თავად ევროპელების ინტერესშია. "ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ ევროპა ევროპული ღირებულებებისგან დაცლილია.
ჩვენ არავის დარწმუნებას არ ვცდილობთ. ჩვენ, თუ ვინმეს კითხვები აქვს, სიამოვნებით ვპასუხობთ ყველა კითხვას. რაში რწმუნდებიან და რა დასკვნები გამოაქვთ, ჩვენთვის ეს დიდი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჩვენთვის მთავარია, რომ დავარწმუნოთ ქართველი ხალხი ჩვენი პოლიტიკის სისწორეში. რაც შეეხება დიალოგის აუცილებლობას, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, იმ ქვეყნების თუ ორგანიზაციების ინტერესში, რომელსაც ქართველ ხალხთან უნდა ურთიერთობა. ეს არის მთავარი, წითელი ხაზები, რომელიც ჩვენ გვაქვს. როდესაც არ ხდება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის აღიარება, თავად აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება, რომელიმე ქვეყნის მხრიდან, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია.
ეს კითხვაც დაისვა დელეგაციის მხრიდან, რომ ვენეციის მხრიდან არსებობს გარკვეული დასკვნები. ვენეციის კომისია ისევეა ჩვენი ორგანო, როგორც მათთვის. ვენეციის კომისიის ყველა დოკუემნტს აწერია სათაური "მოსაზრება". ეს არის მოსაზრება. ჩვენა ამ მოსაზრებებს არ ვიზიარებთ.
ბრიუსელი დღეს იქცევა და დგას მყარად იმ გზაზე, სადაც თავის დროზე, იყო საბჭოთა მოსკოვი. მთავარი პრობლემა, სინამდვილეში, რაც არის ჩვენს ურთიერთობებში ბრიუსელთან, არის ის, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით მთავარ ღირებულებებზე. ჩვენი ღირებულება არის ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა. 4-ვე ღირებულებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბრიუსელი აცდენილია ამ მთავარ პრინციპებს. ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს, მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს გზა-კვალი და არა ქართველმა ხალხმა განსაზღვროს ის, თუ რა კანონი მიიღოს და რა მმართველობა ჰქონდეს, არამედ დაგვიდგინოს ბრიუსელმა, - თქვა პაპუაშვილმა.