ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს 3 მილიონის ტენდერები აქვს მიღებული, აქედან 403 000 ხაშურის ბიუჯეტიდან - "ფლანგვის დეტექტორი"

12.11.25 14:17
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს 3 მილიონის ტენდერები აქვს მიღებული, აქედან 403 000 ხაშურის ბიუჯეტიდან - "ფლანგვის დეტექტორი"

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, რომლის მიმართაც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 3 მილიონის ტენდერები აქვს მიღებული, აქედან 403 000 ხაშურის ბიუჯეტიდან - ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" 2022 წლის ივლისში წერდა. 

ორგანიზაცია წერდა, რომ ხაშურელ ბიზნესმენთან და მაღალჩინოსანთან დაკავშირებული 3 კომპანიიდან 2 კომპანია წარსულში “შავ სიაში” იყო მოხვედრილი.

 11 ნოემბერს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის მილსადენების ფარულად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან გამრეკელი.
🔻 "ფლანგვის დეტექტორი" ლევან გამრეკელის კომპანიებისა და ტენდერების შესახებ 2020 წლიდან წერს. ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია კი, 2022 წელს გამოვაქვეყნეთ.
👉 ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ლევან გამრეკელმა 2022 წლის 11 ივნისს ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ღია სივრცეში ავტომატით ხელში იყო წარმოდგენილი. 
💵 2015 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფო შესყიდვებში  გამრეკელთან დაკავშირებულმა სამმა კომპანიამ 26 ტენდერით 3 მილიონამდე ლარი მიიღო, აქედან 10 ტენდერი – მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან, რისი ჯამური ღირებულებაც 402,982 ლარი იყო.
❌ ხაშურელ ბიზნესმენთან და მაღალჩინოსანთან დაკავშირებული 3 კომპანიიდან 2 კომპანია წარსულში “შავ სიაში” იყო მოხვედრილი. 
🚙 დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს ლევან გამრეკელმა ახლად დაარსებული კომპანიიდან მოგების სახით 1.2 მილიონი ლარი მიიღო, ამავე წელს გამრეკელმა 50,000 დოლარად Mercedes G Class შეიძინა.
🔸ლევან გამრეკელი 2017-2025 წლებში ხაშურის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატი იყო, იგი ასევე იკავებდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავა.

პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

 

მსგავსი სიახლეები