"ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა" - გახარიას გუნდის პირველი კომენტარი
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ.
როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდა დაანონსებული ყოფილი პრემიერის დაკავება, ამიტომაც გახარიას გუნდისთვის ეს სიურპირზი არ ყოფილა.
სიურპრიზი ნამდვილად არ იყო ეს, იმიტომ, რომ გახარიას მიმართ პირადი და პოლიტიკური ვენდეტა ამოძრავებს ბიძინა ივანიშვილს. ეს თავად ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ამის შემდეგ კასკადი რაც მოხდა, რაც მოუწყეს გახარიას, ამას ადასტურებს. სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ველოდით, მათ შორის საგამოძიებო კომისიაზე მიდოდა ამის განხილვა, არც დაელოდნენ და ამის პარალელურად დაიწყო პროკურატურამ ძიება. სამართალთან ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტა, იმ დაანონსებული ვენდეტის აღსრულება, რომელიც მან 2024 წლის არჩევნებამდე დააანონსა.
გიორგი გახარიას "ედავებიან", რომ მან თითქოს დააორგანიზა, რომ ადამიანებს თვალი დაეკარგათ, მაშნ, როცა დაზარალებული მხარის ადვოკატი, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე თქვა, რომ მაშინდელი შსს-ს მინისტრი რაციების მეშვეობით აჩერებდა, ნუ ისვრით ტყვიებსო. ტყვიების გაცემის ბრძანება მას არ გაუცია.
ჩორჩანას საქმე ქართული მიწის დაცვის გამოა და ამის გამო ადამიანის გასამართლება პირდაპირ ემსახურება საოკუპაციო რეჟიმის ინტერესს", - ამბობს ანა ბუჩუკური.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება 20 ივნისის ეპიზოდს და ე.წ. ჩორჩანას საქმეს.
გიორგი გახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.