კობახიძის დიდი წმენდა ოცნებაში - პოსტიდან ღარიბაშვილის კადრებს უშვებენ
საკადრო წმენდა "ქართულ ოცნებაში" მოადგილეებამდე მივიდა - ამჯერად პოსტი დაატოვებინეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს. ლერი ბარნაბიშვილი უკვე მესამე მაღალჩინოსანია, რომელსაც სამშაბათს განცხადების დაწერა "მოუნდა". ოფიციალური ვერსიით ისიც საკუთარი სურვილით წავიდა.
ლერი ბარნაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის და ოთარ ფარცხალაძის კადრად მოიაზრება - ბარნაბიშვილი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სწორედ იმ დროს, როცა შოვში სტიქიას ებრძოდნენ. როგორც კი ღარიბაშვილი კობახიძემ ჩაანაცვლა, ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციიდან გაუშვეს. ახლა კი პოსტს საჯარო სამსახურში სულ დაემშვიდობა.
საკადრო წმენდა "ოცნებისთვის" უცხო არ არის - ბოლო ორ დღეში თანამდებობა დატოვა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, კალაძის სანდო კადრმა ირაკლი ხმალაძემ, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სანქცირებულმა გიორგი ბუთხუზმა.