"პირველებისთვის" ცნობილია მოსამართლე, რომელიც გიორგი გახარიას საქმეს განიხილავს

13.11.25 11:21
"პირველებისთვის" ცნობილია მოსამართლე, რომელიც გიორგი გახარიას საქმეს განიხილავს

გახარია პროცესის მოლოდინში - "პირველების" ინფორმაციით, მთავარმა საგამოძიებო უწყებამ საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა შუამდგომლობა, რითაც სხდომის ჩანიშვნა დღესვე მოითხოვა. 

მოსამართლე დავით კურტანიძე იქნება ის მსაჯული, რომელიც გიორგი გახარიას საქმეს განიხილავს. ამ დროისთვის, ორი საქმიდან, მხოლოდ ერთის, სავარაუდოდ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირბით არის შუამდგომლობა შესული. 

სასამართლო დიდი ალბათობით დღესვე იმსჯელებს 20 ივნისის საქმეზეც.

ყოფილი პრემიერის ადვოკატები დავით ნაღებაშვილი და ბერდია სიჭინავა იქნებიან. 

20 ივნისთან დაკავშირებით საკმაოდ მოცულობითი საქმეა, დაახლოებით, 14 ტერაბაიტზე არსებული ინფორმაცია.

გიორგი გახარიას ედავებიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას, წარმოიდგინეთ, წინასწარ დაგეგმა გიორგი გახარიამ, სხვისი ჯანმრთელობა განზრახ მძიმედ დაეზიანებინა, ოღონდ არაა დადგენილი, გამოკვეთილი, ვინ იყო აღმსრულებელი, ვინც შეასრულა ეს დავალება და სხვას დაუზიანა ჯანმრთელობა განზრახ მძიმედ.

პირდაპირ წერია ბრალის შესახებ დადგენილებაში, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. თუ რეზინის ტყვიებმა დააზიანა ვიღაცის ჯანმრთელობა განზრახ მძიმედ, გიორგი გახარიას ეს ბრძანება ფაქტობრივად არ გაუცია, მაგრამ გიორგი გახარიას ედავებიან ამის ორგანიზებას, ეს არის სამართლებრივი სისულელე, სიგიჟე, აბსურდი.

არიან გამოკითხულნი, მათ შორის, სპეცრაზმელების ჩვენებებიც დევს საქმეში, თანამდებობის პირების, ექსპერტიზის დასკვნები.

ჩორჩანის საქმე არის საქართველოს ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული… ორად ორი უწყება არის, რომელიც პრეტენზიას უყენებს გიორგი გახარიას ამ საქმესთან დაკავშირებით, ერთი – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურა, სადაც მიმდინარეობს გამოძიება და დღეს უკვე ქართული პროკურატურა, რომელიც რეჟიმის მსახურებაშია გადასული.

რამდენიმე ნაწილადაა ეს საქმე გაყოფილი. ჩათვალეთ, დამბეზღებლების ჩვენებებით იწყება, როგორიცაა ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, გელა ნიკოლაიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და ა.შ. შემდეგ გრძელდება მაკულატურით, მერე უკვე მოწმეების ჩვენებებით, რომ თურმე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან გაიგო სუსის უფროსმა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა იგეგმებოდა. მოწმეების ჩამონათვალია, როგორიცაა ლევან იზორია, ჩაჩიბაია, სუჯაშვილი და ა.შ.

სულ რამდენიმე ფურცელზე დაეტია ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ედავებიან გახარიას, ოღონდ ბრალში ეს არაა, უბრალოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება აქვს ბრალად წარდგენილი. არც „დიფ სტეიტი“ წერია, არც მტრული სახელმწიფო წერია, ვისი დავალებით მოქმედებდა და ა.შ. რა თქმა უნდა, ესაა შეთითხნილი საქმე და ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა“, – თქვა სიჭინავამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

გუშინვე გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს. 

 

მსგავსი სიახლეები