სააკაშვილის პირველი განცხადება ციხეში გადაყვანის შემდეგ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედიდან" ციხეში გადაყვანის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს. მიხეილ სააკაშვილის გზავნილს მისი ადვოკატი ავრცელებს.
სააკაშვილის თქმით, ზუსტად ის ხალხი დახვდა, ვინც მომწამლა და მისი ციხეში დაბრუნება დასავლეთისთვის და უკრაინისთვის გზავნილია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილი ევროპელებს და ამერიკელებს ეუბნება, რომ მისი სიცოცხლის შენარჩუნების დაპირება ძალაში აღარ არის.
ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით, აბა დღეს ვის რა ვავნო, ჰოდა ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში გუშინ. რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი. მადლობა "ვივამედის" იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის.
ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას.
რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან? - ჯერ ერთი იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორეც ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ.
საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა, ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპირება, როგორც ყველა სხვა ძალაში აღარაა.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმების და ასევე, საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც.
დღეს მინდა ვუთხრა ადამიანებს ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.
დიდება თავისუფლებას," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს.