ბალდის კანიონის მცველებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობის პირველი სართული დაიკავეს - ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

13.11.25 13:43
ბალდის კანიონის მცველებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობის პირველი სართული დაიკავეს - ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

ბალდის კანიონის მცველებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობის პირველი სართული სრულად დაიკავეს - ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. 

პროტესტის რეჟიმში მყოფი მოქალაქეები სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან, ბესიკ ამირანაშვილთან შეხვედრას ითხოვენ და მოუწოდებენ სასწრაფოდ შეწყვიტოს კანიონთან დაკავშირებული, ძველი ხელმძღვანელის ვალერიან მჭედლიძის მიერ, სავარაუდო კორუფციული გარიგებით დადებული ხელშეკრულება.

  • საქმე ბალდის კანიონის 40 წლით კერძო კომპანიაზე გასხვისებას ეხება. 

ბალდის კანიონის მცველები უკვე მესამე დღეა, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან, თუმცა მათ ახალი ხელმძღვანელი არ ხვდება. 

ცოტა ხნის წინ, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილემ განაცხადა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი მხოლოდ სამ მათგანს დახურულ კარს მიღმა შეხვდებოდა, თუმცა მოქალაქეები მედიის გარშე შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებენ. 

  • ბესიკ ამირანაშვილის მოადგილემ "TV პირველის" შეკითხვებს არ უპასუხა. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო მოვლენა არის ის, რომ კომპანიას ჰქონდა 3-წლიანი ვადა პროექტის დასასრულებლად, რასაც ვერ შეასრულებს ფიზიკურად, ვერ ჩაეტევა ამ სამ წელში და მოვითხოვთ ახალი ხელმძღვანელისგან, რომ აღარ გაახანგრძლივოს ეს პროექტი იქიდან გამომდინარე, რომ არცერთ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა არც ინფორმირებული იყო, არც რაიმე სახით ჩართული. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ეს ბუნების ძეგლი და ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი იქ ჩართულობა და ჩვენი აზრის გათვალისწინება. 

ეს პროექტი არ ემსახურება არც ეროვნულ ინტერესებს, არც ბუნების კეთილდღეობას. ეს არის კორუფციული სქემით გამზადებული, რომელსაც სათავეში უდგას ვალერიან მჭედლიძე და მამუკა მერკვილაძე და ზუსტად ამ მიზეზების გამო მოვითხოვთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაუხანგრძლივონ ეს იჯარის ხელშეკრულება იმიტომ, რომ კომპანიის დირექტორი უკვე ორჯერ არის სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი სასამართლოს მიერ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს არ აქვს უფლება, რომ სოფელში მოგვივლინოს ვიღაც ტერორისტი, რომელიც უკვე 750 დღეზე მეტია ტერორში აცხოვრებს ადგილობრივ მოსახლეობას," - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები