ორი საქმე და ორი ბრალი ექს-პრემიერის წინააღმდეგ - გიორგი გახარიას პირველი კომენტარი
გიორგი გახარია მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის მართლებრივ დევნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “ქართულმა ოცნების" რეჟიმმა ფორმალურად მოახდინა მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ინსტიტუციონალიზაცია სისხლის სამართლის გაყალბებული ბრალდებებით“.
გახარიას თქმით, “მისი პატიმრობის განაჩენი პირდაპირ აღასრულებს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარას“
გუშინ „ქართულმა ოცნების" რეჟიმმა ფორმალურად მოახდინა ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ინსტიტუციონალიზაცია სისხლის სამართლის გაყალბებული ბრალდებებით. უკვე დღეს სასამართლომ ჩემი პატიმრობის ბრძანება გასცა. ეს აღასრულებს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარას, როცა მან საჯაროდ განაცხადა, რომ „სისხლის სამართლის საქმეები სასამართლოს დონეზე ჰქონდა დალაგებული".
ბრალდებები ეხება ჩორჩანის და 20 ივნისის საქმეებს, დამატებითი ბრალდებების შეთხზვის აშკარა განზრახვით.
ჩვენი პოლიტიკური პარტიისა და პირადად ჩემთვის, როგორც დევნილისთვის, ეს საქართველოს ევროპული მომავლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ახალ ეტაპს ნიშნავს, ბრძოლას, რომელიც ახლა ყველა არსებული პლატფორმის გამოყენებას მოითხოვს.
ეს უკანასკნელი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც ჩვენი გადაწყვეტილება მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის, ასევე პარლამენტში შესვლის შესახებ, ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთადერთი სწორი სტრატეგიული არჩევანი იყო.
სამწუხაროდ, როგორც საქართველოს დემოკრატიული ძალები, ისე დასავლეთი კოლექტიურად დამარცხდნენ პროპაგანდასთან ბრძოლაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა წავაგოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა ევროპული იდეის შესანარჩუნებლად საქართველოში. ამ ბრძოლის წაგებას სერიოზული და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
მიუხედავად მზარდი რეპრესიულ გარემოსი, თავისუფლება და დემოკრატია ღრმად ფესვგადგმულია ქართულ საზოგადოებაში. ევროპის იდეა საქართველოში დაცული უნდა იყოს, ხოლო საქართველო უნდა დარჩეს დასავლურ დღის წესრიგში. კავშირების ან ურთიერთობების გაწყვეტა მხოლოდ დააჩქარებდა ქვეყნის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევას".- წერს გახარია.
ჩორჩანას საქმეზე მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პატიმრობას "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ პროკურატურა ითხოვდა.
დღეს სასამართლომ ასევე უნდა ისმჯელოს 20 ივნისის საქმეზეც. პროცესი საქალაქოში 20:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს.
- გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე 20 ივნისს და "ჩარჩანას" ეპიზოდს ეხება.
- გუშინვე გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს.