PACE-ის დელეგაციას მზია ამაღლობელთან შეხვედრის უფლება არ მისცეს
14.11.25 11:27
გაზიარება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომლებიც თბილისში იმყოფებიან, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მონახულებას ცდილობდნენ, თუმცა მათ ციხის საკანში შესვლაზე უარი უთხრეს.
"პირველების" ინფორმაციით, შეხვედრის სურვილი თავად დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს, თუმცა სავარაუდოდ, ნებართვა არ გასცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რის გამოც ვიზიტი ვერ შედგა.
ამასთან, PACE-ს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა რუსთავის ციხეში. მათ მოინახულეს პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერები. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ გაავრცელა.
სავარაუდოდ, დელეგაციას სურდა, პირადად დაკავებული პოლიტიკოსებისგან მოესმინათ, რა პროცესები მიდის ახლა საქართველოში.
PACE–ს დელეგაციის შეხვედრების შესახებ დამატებით დეტალებზე საუბრობენ „ცვლილებისთვის“ კოალიციის წარმომადგენლებიც. გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, დელეგაციის სურვილი იყო ყველა დაკავებულ პოლიტიკოსთან პირადად შეხვედრა, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი იყო მზია ამაღლობელზე, თუმცა სწორედ ამ ნაწილზე ხელისუფლებამ ნებართვა არ გასცა.
მათი სურვილი იყო და ეს შეხვედრაც გააჟღერეს, რომ შეხვედროდნენ ოთხივე პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ მზია ამაღლობელზე და მასტან შეხვედრდოდა უნდოდათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არ მისცეს უფლება. ესეც "ქართული ოცნების" რუსულ თამაშს ჰგავს, რომ ხლეჩს საზოგადოებას და ზოგ შემთხვევაში გასცემს ნებართვას, ზოგ შემთხვევაში - არ გასცემს. ჩვენი ინფორმაციით, მათ მიიღეს თანხმობა 4 ლიდერზე და ადგილზე აკრედიტაცია დახვდათ მხოლოდ ლიდერზე, ვისთანაც მოახერხეს საუბარი. ეს საუბარიც იყო ულიმიტო, 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ანუ ის, რომ დრო შემცირებული და დროის გამო შეამცირეს მნახეველების რაოდენობა, ეს ასე არ იყო. "ქართულმა ოცნებამ" სრულიად საკუთარი სირვილით და ნებით გადაანაწილა და გასცა აკრედიტაცია, რაც, ცხადია, ჩაიწერება იმ ანგარიშში, რასაც ევროსაბჭო ამზადებს, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი.
"პირველები" ცდილობს გაარკვიოს, რა გახდა იმის მიზეზი, რომ ევროსაბჭოს დელეგაციას მზია ამაღლობელის მონახულებაზე უარი ეთქვა.