პაპუაშვილი: იმედი ნაკლებია, რომ გერმანიაში კანონს პატივს სცემენ და გახარიას გადმოგვცემენ
შალვა პაპუაშვილს ნაკლებად აქვს იმედი, რომ გერმანია საქართველოს გიორგი გახარიას გადმოსცემს. "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ისაუბარა 20 ივნისის საქმეზე და თქვა, რომ განაცხადა, გიორგი გახარიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით.
იცით, რომ გიორგი გახარიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი პროკურატურის პროცედურებია. მე მისი [გადმოცემის] დიდი იმედი არ მაქვს. იმ პირობებში, როცა ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა, დავით კეზერაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება და თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა, მათ შორის გერმანიაში, რა თქმა უნდა, იმედი ნაკლებია, რომ კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და მას ქართულ მართლმსაჯულებას გადასცემენ. თუმცა, ვნახოთ.
რაც შეეხება საქმეებს, დიდი ხანია მიდიოდა გამოძიება ორივე საკითხზე. პროკურატურა ჩამოყალიბდა თავის პოზიციაში, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალი წარედგინა გახარიასთვის. ბრალი წარდგენილია. ახლა უკვე სასამართლოს გადაეცემა ყველა ეს დოკუმენტი და სასამართლო იმსჯელებს რამდენად დასტურდება მისი ბრალი. სტრასბურგის სასამართლომ დაინახა გარკვეული დარღვევები და დაავალა ხელახალი გამოძიება საქართველოს. გიორგი გახარიამ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იმ აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც არანაირად არ აუქმებს იმას, რომ 2019 წლის 20 ივნისის აქცია იყო ძალადობრივი შტურმი. ამასთან, იქვე, იმავე განაჩენში აღიარა ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ და თქვა,რომ ეს იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. იცით, რომ ამ საკითხზე სხვა ბრალდებულებიც არიან შტურმის გამო. მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა ამაზე. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ყველაფერს სასამართლო დაადგენს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ორი მიმართულებით დაიწყო. გუშინ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე და 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.