20 ივნისის აქციაზე პასუხისმგებელი ადამიანი იყო შს მინისტრი - კალაძე

14.11.25 15:26
20 ივნისის აქციაზე პასუხისმგებელი ადამიანი იყო შს მინისტრი - კალაძე

20 ივნისის საქმე - კახა კალაძე გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს გამართული აქციის დაშლაზე პასუხისმგებელი პირი სწორედ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო.

დღეს "პირველბმა" კალაძეს ჰკითხა, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ყოფილმა პრემიერმა 20 ივნისზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის პასუხისმგებლობაზეც ისაუბროს, რაზეც კალაძემ ასე უპასუხა: "რა შუაშია ან ივანიშვილი ან ანზორ ჩუბინიძე?"

"როდესაც შენ ატარებ აქციის დაშლის ოპერაციას, ვინ არის პასუხისმგებელი პირი? ვინ გასცემს ბრძანებებს?" - ამბობს კალაძე.

პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს. როდესაც შენ ატარებ აქციის დაშლის ოპერაციას, ვინ არის პასუხისმგებელი პირი? ვინ გასცემს ბრძანებებს? რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშს, მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ თავიანთი აგენტი რაღაცნაირად შეენარჩუნებინათ, გადაერჩინათ, იგივე თუნდაც ვიცით, ვინ არის სახალხო დამცველი, რას წარმოადგენს, ვისგან ფინანსდებოდა. ჩვეულებრივი აგენტია, აგენტურას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ცდილობდნენ, რომ თავიანთი თანაგუნდელები გადაერჩინათ და ისე შეეფუთათ თემა, რომ გახარიას პასუხისმგებლობა არ ყოფილიყო. ძალიან ცუდია, რაც მოხდა. არსებობს ორი კონკრეტული საქმე, რაშიც პროკურატურა ბრალს სდებს გიორგი გახარიას. გამოძიება დაწყებულია და დაველოდოთ დეტალურ ინფორმაციას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ორი მიმართულებით დაიწყო. გუშინ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე და 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. 

მსგავსი სიახლეები