ექსკლუზივი: ივანიშვილის არაბული ბიზნესი?! - ჟურნალისტური გამოძიება
თბილისში, გაბრიელ სალოსის 116 და 118 ნომრებში არსებული 95 ათასი კვადრატული მეტრიდან, ნახევარი ივანიშვილების ფონდმა კომპანია ,,ომნია ჯორჯიას’’ მიჰყიდა. [შპს ,,ომნია ჯორჯია’’ ბიძინა ივანიშვილისგან ქონების ყიდვამდე 3 თვით ადრე დაფუძნდა].
დოკუმენტების მიხედვით, ივანიშვილის მიწებში 10 მილიონზე მეტი ალექსი ბასიაშვილიმა გადაიხადა ["ომნია ჯორჯიას" დირექტორი და მფლობელი]
- ივანიშვილის მიწის მყიდველი კომპანია, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ "ომნია რეალ ისთეითს" ეკუთვნის. ეს კომპანიაც ემირატებში, საქართველოში ქონების ყიდვამდე ცოტა ხნით ადრე, 2024 წლის 7 ივნისს შეიქმნა.
"შაბათის ეთერმა" მიაკვლია დოკუმენტით დგინდება, რომ ემირატებში დაფუძნებული კომპანიაც იგივე კაცის სახელზეა გაფორმებული. ანუ რა გამოდის: ალექსი ბასიაშვილმა, კომპანია ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაარეგისტრირა, შემდეგ ჩამოვიდა თბილისში, ემირატებში დაფუძნებული კომპანიის 100%-იანი მფლობელობით შექმნა ქართული კომპანია, ივანიშვილს ათი მილიონი გადაუხადა, დაიწყო მშენებლობა და ყიდის ბინებს.
ახლა მთავარი კითხვაა, როგორ მოხვდა ალექსი ბასიაშვილი ჯერ არაბულ და შემდეგ ქართულ კომპანიებში?! ვისია მილიონები, რომელიც მან მიწაში გადაიხადა და ბევრად უფრო მეტი, სამშენებლო პროცესში უნდა დახარჯოს?! თავად გვეუბნება რომ ეს კომერციული საიდუმლოებაა და ვერ გაგვიმხელს.
კაცს, რომელმაც კომპანიები ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააფუძნა და შემდეგ საქართველოში იყიდა ბიძინა ივანიშვილის მიწა და ამ მიწაზე ცათამბჯენები უნდა ააშენოს, უძრავი ქონება საერთოდ არ გააჩნია. წლების წინ დაფუძნებულ 3 შპს-ში ალექსი ბასიაშვილი მეწილედ ნამდვილად ფიქსირდება, თუმცა არცერთი ეს კომპანია მოქმედი აღარ არის.
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილის მიწის საერთო ფართი გასხვისებამდე თითქმის 100 ათასი კვადრატული მეტრი იყო. ამ დროის მონაცემებით, არაბულმა კომპანიამ მილიარდერისგან 40 ათასი კვადრატული მეტრი გამოისყიდა. ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი რამდენიმე კომპანიის სახელზე რჩება კიდევ 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობიც. თუმცა გაყიდვების ოფისი აანონსებს, რომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი 60 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი არაბული კომპანიისთვის, მინიმუმ 20 ათასი კვადრატულის დათმობას კიდევ აპირებს.
ამ ეტაპზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში, "ომნია ჯორჯიას" მიერ ნაყიდი სამი ნაკვეთიდან, სამშენებლო ნებართვა 2-ზეა გაცემული. ყველაზე დიდი ტერიტორია 21 916 კვ.მ-ის განაშენიანების პროექტი, როგორც ჩანს ჯერ განხილვის ეტაპზეა. ყველაზე მეტი ცათამბჯენი სავარაუდოდ სწორედ მიწის ამ მონაკვეთზე განთავსდება. არსებული პროექტებით კი ვარკვევთ, რომ ისნის რაიონში 55 მეტრიანი საცხოვრებელი კორპუსები ჩაიდგმება.
რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა ბიძინა ივანიშვილს, თუნდაც ფიქტიური პირების საშუალებით საკუთარი მიწის მესაკუთრედ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანიის შემოყვანა?! კორუფციის მკვლევარებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ უჭირთ. ფული, რომელიც სანქციებს გადაურჩა, ოლიგარქმა ყველაზე უსაფრთხოდ სწორედ აქ შეიძლება შეინახოს.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ 3 მიწის ნაკვეთის გასხვისებას,, დუბაიში რეგისტრირებულ კომპანიაზე, ხელს შპს ,,ბურჯის’’ ,,ისანი ქართუსა’’ და ,,ელიტა ბურჯის’’ დირექტორებმა მოაწერეს.