დამარხული იარაღი, დადგმული შოუ თუ რეალობა?! - ექსკლუზიური ინტერვიუ ბ.ჭ.-სთან
პირველი ინტერვიუ უკრაინაში მებრძოლ ბექა ჭულუხაძესთან, რომელსაც სუსი ყველგან ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს.
41 წლის ყოფილ ძალოვანზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძებნა, იარაღის სამალავის საქმეზე გამოაცხადა. 5 ოქტომბერს სუს-მა თქვა, რომ მოქალაქე ბ.ჭ- მ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები შეიძინა, შემდეგ ტყეში ორმო ამოთხარა, არსენალი მიწაში ჩამარხა და ელოდებოდა 4 ოქტომბერს, რომ აქციის პარალელურად მიწიდან იარაღი ამოეღოთ, მცხეთიდან თბილისში ჩამოეტანათ და დივერსიული აქტები მოეწყოთ.
ბექა ჭულუხაძე ამბობს, რომ თბილისიდან უკრაინაში პირველ ოქტომბერს გაფრინდა, არადა სუსი ამტკიცებს, რომ ორმოში ჩამარხული იარაღით 4 ოქტომბერს უნდა მოეწყოთ დივერსიული აქტები.
ორმოში ჩამარხული იარაღების საქმეზე სუს-მა არაერთი განცხადება გააკეთა და არა ერთი პირი დაკითხა, თუმცა ამ დრომდე, ერთადერთ ბრალდებულად დასახლებული ჰყავს ბექა ჭულუხაძე.
“შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში დევს დოკუმენტი, სადაც ის არსენალია ჩამოთვლილი, რომელიც სუს-ის მტკიცებით ბექა ჭულუხაძემ იყიდა და დაგეგმილი ტერაქტისთვის ტყეში დამალა.
კავშირს ტყიდან ამოღებულ შეიარაღებასთან ძებნილი ბექა ჭულუხაძე კატეგორიულად გამორიცხავს. ყოფილი ძალოვანი დარწმუნებულია, რომ ე.წ. სპეცოპერაციის მიზანი აქციის დისკრედიტაცია და ხალხის დაშინება იყო. რეალურად კი მიწიდან ამოღებული არსენალი ბრალდებულის მტკიცებით იქ თავად სუს-მა მიიტანა.
ორმოში ჩამარხული იარაღის საქმეზე არა ერთი კითხვა ჩნდება, სუსი ამტკიცებს, რომ ბექა ჭულუხაძემ მთელი არსენალი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების ჩათვლით იყიდა დამარხა და ამზადებდა დივერსიებს, მაგრამ ჩნდება კითხვა სად? სად შეიძლება ეყიდა, მაგალითად ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, რომელიც მხოლოდ თავდაცვის სამინსიტროს შეიარაღებაშია.
ვინ არის ბექა ჭულუხაძე? პირველად მისი სახელი ერთ წლის წინ გაჟღერდა. 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, სამთავრობო არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა. მაშინ სასამართლოში დაიწყო გამოკითხვების სერია, დაიბარეს უკრაინაში მებრძოლი ქართველები, მათ შორის ბექა ჭულუხაძე, კითხვით რა იცოდნენ, ვინ კლავდა ბიძინა ივანიშვილს.
ჭულუხაძე ყვება, რომ ამის შემდეგ მისი საქართველოში ყველა ჩამოსვლა და წასვლა განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იყო.
ბექა ჭულუხაძე ჰყვება, რომ 1 ოქტომბერს, როცა ქვეყანა დატოვა, აეროპორტში გააჩერეს, ტელეფონი შეუმოქმეს და გაუშვეს.
ჩნდება კითხვა, ჭულუხაძემ, რომელსაც ერთ წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მოიმზადების საქმეზე კთხვადნენ და მის ყველა ფეხის ნაბიჯს აკონტროლებდნენ, როგორ და ვისგან იყიდა მთელი არსენალი, როგორ ჩამარხა საავტომობილო გზასთან ახლოს მცხეთაში, როგორ გაეპარა ეს ყველაფერი სუსს და როგორ გაუშვეს ქვეყნიდან 1 ოქტომბერს.