სავალდებულო ვაქცინაცია - გამყრელიძესა და ღარიბაშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობაა

26.10.21 12:16
სავალდებულო ვაქცინაცია - გამყრელიძესა და ღარიბაშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობაა

ამირან გამყრელიძესა და  საკორდინაციო საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა, თუმცა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.

NCDC-ის ხელმძღვანელმა დღეს პირველად თქვა, რომ საკომუნიკაციო კამპანიას რაღაც დააკლეს: 

მე ხშირად მითქვამს, რომ საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება. იქ მიიღება განხილვის და კონსესუსის წესით შეთანხმებული გადაწყვეტილებები. გიდასტურებთ, რომ სავალდებულოება იმუნიზაციასა და აცრებში არის ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება,"- აცხადებს გამყრელიძე. 

მისი თქმით, მედიკოსები რადიკალური ნაბიჯების გადადგმის მომხრეები არიან: 

თქვენ იცით, რომ ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ, მეტს ვითხოვთ ექიმები, შემდეგ საბჭო - იქ არის ეკონომიკა, ფინანსები, ტურიზმი და სხვა, იმიტომ არის მულტისექტორული საბჭო, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა უწყების ინტერესი. საბჭოს შიდა დისკუსიებს მე ტელევიზიით ვერ გამოვიტან..."- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, მთავარი არგუმენტი სავალდებულოების წინააღმდეგ არის ადამიანის უფლებები. "ტვ პირველის" კითხვაზე, არის თუ არა დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილსა და მას შორის, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ხანია, არ აკეთებს: 

ამირან გამყრელიძე არავის არასოდეს არ უპირისპირდება, მითუმეტეს, პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ხანია, არ ვაკეთებ, პოლიტიკურ პიროვნებებს და ადამიანებს, ვისაც საქართველოს პოლიტიკაში ყველაზე წამყვანი ადგილი უკავიათ, მათ არ დავუპირისპირდები. ეს თემა მოხსენით, რომ მე ვინმეს ვუპირისპირდები, ან ვინმე მე მიპირისპირდება.

 

როცა მეკითხებიან რა დავაკელი, დავაკელი, ვაღიარებ იმას, რომ საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამოთქმა: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გვაკრიტიკებენ, რატომ ადრე არ დავიწყეთ, ამაზე ვპასუხობ, რომ ვაქცინები უნდა ყოფილიყო, რომ დაგვეწყო. ივლისში საკმაოდ ინტენსიური დაიწყო, თუმცა არა ასეთი აგრესიული, სოფელ-სოფელ არ მივლია- დასძინა NCDC-ის ხელმძღვანელმა.