"ოცნების" კონტრაქცია - ხელისუფლებას საჯარო მოხელეები იძულებით შიდა ქართლიდანაც ჩამოჰყავს
27 ოქტომბრის აქციისთვის "ოცნება" საჯარო მოხელეების მობილიზაციას შიდა ქართლშიც ახორციელებს. კობახიძე - ღარიბაშვილის პარტიის დაანონსებულ აქციაზე პედაგოგები, საბავშვო ბაღების მასწავლებლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იძულებით მიჰყავთ. მათი ტრანსპორტიება კი მმართველმა პარტიამ სამარშუტო ტაქსის მძღოლებს დაავალა.
არსებული ინფორმაციით, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც აქციაზე მისვლაზე უარს აცხადებენ, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს კი ჯარიმებით აშინებენ.
ქარელის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი, აცხადებს, რომ ხვალ დაგეგმილ აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად მიდის.
მე მივდივარ აქციაზე ჩემს მხარდამჭერებთან ერთად. ვისაც სურვილი აქვს, შემოგვიერთდება, ვისაც არ აქვს სურვილი, ძალას არავინ ატანს. ვერც ერთ ფაქტს ვერ ნახავთ ქარელის მუნიციპალიტეტში, რომ ვინმემ ვინმეს ძალა დაატანოს, - ამბობს გულიაშვილი.
ანალოგიური მდგომარეობაა გორშიც. ინფორმაციას ადგილობრივი ოპოზიცია ადასტურებს.
"ქართული ოცნება" არის ჩამოშლილი. ის მხოლოდ სიძულვილის ენაზე გევსაუბრება და რა თქმა უნდა, აქციაზე მიჰყავს სსიპების, აიპების, პედაგოგები და ყველა ის ადამიანი, რომელიც მათ ემსახურება და ისინი აშინებენ და ეუბნებიან, რომ თუ არ წავლენ აქციაზე, მათ გაათავისუფლებენ და მათ ოჯახის წევრებს დატოვებენ ულუკმაპუროდ, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.