ისტორიული შანსი გვაქვს, რომ ერთპარტიული მმართველობა დავამარცხოთ - ნიკა მელია
თბილისი კოალიციური მთავრობის მოლოდინში - არჩევნებამდე 4 დღით ადრე გაერთიანებული ოპოზიცია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
შინდისი, წავკისი, ტაბახმელა - ეს არის ლოკაციები, სადაც ოპოზიცია დღეს მისვლას და ხალხთან შეხვედრას გეგმავს.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები ამ წუთებში შინდისში იმყოფებიან და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე ეცნობიან.
თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატის, ნიკა მელიას განმარტებით, ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი პრობლემა, რაზეც მათ შეხვედრის დროს აქცენტი გააკეთეს, არის მიწების საკითხი, მოსახლეობას ფართები დამტკიცებული აქვს, მაგრამ მათ გამოყენებას ვერ ახერხებს.
უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადგილობრივებს აწუხებს, მდგომარეობს შემდეგში, მათ საკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთი, მაგრამ მათი გამოყენების უფლება არ ეძლევათ. დარეგისტრირებული აქვთ, მაგრამ ვერ იყენებენ, რადგან მათ მერია ხელოვნურად უქმნის პრობლემებს. მხოლოდ პოლიტიკური პრეფერენციების გამოყენებით ხდება ამ უფლებების გაცემა.
მერია ამჟამად იქცა პარტიულ დაწესებულებად და გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ერთპარტიული სისტემა კოალიციური მმართველობით დავამარცხოთ - განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციონერმა ლიდერმა შეხვედრის დროს მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად ჩაერთოს არჩევნების პროცესში.
ვისარგებლებ ამ შანსით და მოვუწოდებ ახალგაზრდებს, მოვიდეს ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ოფისში 30-მდე, რადგან ამ არჩევნებში ბევრი დამკვირვებელი გვჭირდება. რათა ხელისუფლებას არც ერთი ხმის მოპარვის შესაძლებლობა არ მივცეთ. - ამბობს ნიკა მელია.
,,გირჩი მეტი თავისუფლება"-ს ლიდერის, ზურა ჯაფარიძის შეფასებით, მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაა.
მთავარი სათქმელი ამ ადამიანებისთვის არის ის, რომ შესაძლებელია, 30 ოქტომბერს ქვეყანა შემოტრიალდეს, ამოვიდეს ჭაობიდან. რასაც გვესაუბრებიან, აქ აქვთ მიწის პრობლემა, მაგრამ მთავარი მაინც ეკონომიკური ხასიათის პრობლემებია, ეს არის უმუშევრობა, შემოსავლის არქონა, ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან, საქართველო იცლება, ამის მოტრიალებას კი ხელისუფლების ცვლილება სჭირდება. რომელსაც ხელი 30 ოქტომბერმა უნდა შეუწყოს - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.