ქვეყნისთვის მძიმე შედეგი რომ არ დადგეს, სააკაშვილის ადვოკატებმა სტარსბურგს უნდა მიმართონ - ანა დოლიძე

26.10.21 13:52
ქვეყნისთვის მძიმე შედეგი რომ არ დადგეს, სააკაშვილის ადვოკატებმა სტარსბურგს უნდა მიმართონ - ანა დოლიძე

ანა დოლიძის მიმართვა ,,ნაციონალურ მოძრაობას" - პარტია ,,ხალხისთვის" ლიდერი  ,,ენმ"-ს ევროსასამართლოში მიმართვას ურჩევს. მისი განცხადებით, ახლა ოპოზიციამ და პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა ადამიანის უფლებათა სასამართლოს  სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უნდა მიმართონ.

ანა დოლიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა გასამართლდეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება დაცული უნდა იყოს.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს და დაუყოვნებლივ გადაწყვეტს, უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

მოვუწოდებ ,,ნაცმოძრაობას" და სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთონ შემდეგი რამ: გამოიყენონ სტრასბურგის პროცედურა, 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი, ჰქვია დროებითი ღონისძიება, ერთხელ ეს არის წარსულში გამოყენებული. მისი აზრია, სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანონ ის თუ არა სამოქალაქო საავადმყოფოში.

ამასობაში რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამე შარში არ გავეხვიოთ, წავიდეს სასწრაფოდ განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს ხელისუფლებას, თუ საჭიროა, შესაბამისად შესწავლის შედეგად, რომ გადაყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში", - აცხადებს ანა დოლიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 26-ე დღეა, რაც შიმშილობს. პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, რადგან ყოველ მომენტში შესაძლებელია, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს.

პრემიერ ღარიბაშვილის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

ოპოზიციის მტკიცებით, გლდანის ციხეში მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება და იქ გადაყვანა სააკაშვილის სიცოცხლისთვის საშიშია.